ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„გოდერძის ალპური ბაღი“ 2018 წლის აგვისტოში გაიხსნება
19 ოქტომბერი, 2017

აჭარის მაღალმთიანეთს 2018 წელს „გოდერძის ალპური ბაღი“ შეემატება. ახალი ტურისტულ-რეკრეაციული ბაღის გაშენების შესახებ პრეზენტაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ ერთი წლის წინ გამართა.

როგორც „კომერსანტს“ „გოდერძის ალპური ბაღის“ მენეჯერმა, თემურ ვასაძემ განუცხადა, ამ ეტაპზე ბაღი გაშენებულია, თუმცა დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს და დიდი ალბათობით, მომავალი წლის აგვისტოში ოფიციალურად გაიხსნება.

„ბაღი გაშენებულია, თუმცა დამატებითი ინფრასტრუქტურის მოსაწყობი სამუშოებია დარჩენილი. ტერიტორიის შემოსაზღვრა, პარკინგი, გარე და შიდა საპირფარეშოები და ბილეთების ჯიხურის მშენებლობა - ყველა სამუშაო დასრულებულია. ამ ეტაპზე ალპური ხის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც დროებითი ადამინისტრაციის შენობისთვის არის გათვალისწინებული. მიმდინარე წელს საპიკნიკე სივრცისთვის, შიდა ტურისტული გზების, ბილიკების პროექტების შეძენის შესახებ გამოვაცხადეთ ტენდერი. აჭარის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსგან მივიღეთ პირობა, რომ აღნიშნულ პროექტებს დაგვიფინანსებენ და სამუშაოებს მომავალი წლიდან დავიწყებთ“, - აღნიშნა ვასაძემ.

width=499

ამასთან, ვასაძის თქმით, ბაღს ოთხი ძირითადი დანიშნულება ექნება - მცენარეთა კოლექტივის თავმოყრა, მცენარეთა კონსერვაცია, ეკოგანათლება და სოფლად ტურიზმის განვითარება: „ასევე, აუცილებლად უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმისკენ, რომ სუბალპური ტყის ზოლის აღდგენა  დავიწყოთ.“

width=504

მისივე ინფორმაციით, ალპურ ბაღში ქვის ბაღები გაშენდება, რომელიც მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის ანალოგი იქნება, თუმცა ქართული ტრადიციული ელემენტებით შევსებული.

„ბაღში უკვე დავიწყეთ ალპინარიუმის გაშენება, კერძოდ ქვის ბაღების მშენებლობა. ამისთვის მიუნჰენის ბოტანიკური ბაღის ქვის ბაღების სპეციალისტი გვყავდა მოწვეული და ფრაგმენტი უკვე შევქმენით. მისი დახმარებით ადგილობრივი სპეციალისტების გადამზადებაც მოხდა და გაზაფხულიდან საკუთარი ძალებით შევძლებთ, რომ ქვის ბაღების მშენებლობა ჩვეულ რეჟიმში გავაგრძელოთ. ეს იქნება მიუნჰენის ბაღის ანალოგი, თუმცა განსახვავებული, რადგან ქართული ტრადიციული და ასევე, კავკასიური ელემენტებით იქნება გაშენებული“, - განაცხადა ვასაძემ.

width=501

რაც შეეხება ინვესტიციას, რომელიც ალპური ბაღის გაშენებისთვის დაიხარჯება, ბაღის მენეჯერის თქმით, საერთო ჯამში ინვესტიცია დაახლოებით მილიონნახევარი ლარი იქნება. ამ ეტაპზე კი 600 ათასი ლარია დახარჯული.

„ჩვენი ძირითადი დონორია საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაცია „მერსი ქორპსი“, რომელმაც სამშენებლო სამუშაოებისთვის 269 734 ლარი გადმოგვცა. ასევე, თანამონაწილეა ბათუმის ბოტანიკური ბაღი. ორივემ ჯამში 476 698 ლარი დახარჯეს. ჩვენი კიდევ ერთი დონორი ორგანიზაცია არის „აჭარის წყალი ჯორჯია“, რომელთანაც საგრანტო  ხელშეკრულება გაფორმდა და 100 000 დოლარი გადმოგვცა. დიდი ალბათობით, ალპური ბაღი 2018 წლის აგვისტოში  ოფიციალურად გაიხსნება. იმედია, ამ დროისთვის შიდა გზებისა და ტურისტული ბილიკების მოწყობა დასრულდება და გარემო პირობებიც ამის საშუალებას მოგვცემს“, - აღნიშნა ვასაძემ.

ალპური ბაღი გოდერძის უღელტეხილის მიმდებარედ, ე.წ. შქერნალის ტერიტორიაზე, კურორტ ბეშუმთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის ჩრდილო აღმოსავლეთით გაშენდება.

 width=501

ბაღის გაშენების შესახებ პრეზენტაცია დაახლოებით ერთი წლის გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად მომავალი ბაღის ტერიტორიაზე სიმბოლურად ახალი ნერგები დარგეს.

როგორც მაშინ ითქვა, ხულოში ახალი ალპური ბაღის არსებობა ხელს შეუწყობს კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტურიზმის განვითარებას, მაღალმთიან აჭარაში არსებული ტურისტული მარშრუტების გამრავალფეროვნებას,სუბალპური ტყეების აღდგენითი ღონისძიებებისათვის სარგავი მასალის მიწოდებას. ბაღი ბეშუმის საზაფხულო კურორტისათვის სარეკრეაციო ფუნქციას შეიძენს.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.