ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გოდერძის კურორტი 5 დეკემბერს გაიხსნება
30 ოქტომბერი, 2015

გოდერძის სამთო-სათხილამურო კურორტი 5 დეკემბერს გაიხსნება. როგორც „კომერსანტს“ მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განუცხადა, საბაგიროების მონტაჟი უკვე დასრულებულია, დარჩენილია მხოლოდ მცირე სარემონტო სამუშაოები, რომლებიც ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

მისი თქმით, კომპანიის მიერ სრულად არის შემოწმებული ტექნიკაც, რაც იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ კურორტი მზადყოფნაში ნოემბრის ბოლოსთვის იქნება.

კურორტზე საწყის ეტაპზე განთავსებული იქნება 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული სახლი.

ონოფრიშვილი აცხადებს, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება უკვე არის. „გვაქვს პაკეტი, რაც შეიძლება მათ შევთავაზოთ. კურორტს აქვს ის პლიუსი, რომ გაკეთებულია მასტერპლანი და გენერალური განაშენიანების გეგმა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ არის დამტკიცებული. ეს კი ინვესტორების მოზიდვის ერთერთი საუკეთესო საშუალებაა"-აცხადებს ონოფრიშვილი.

რაც შეეხება კურორტის პოპულარიზაციას, ონოფრიშვილის თქმით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა ზამთრის კურორტების ახალი ვიდეო-რგოლი, რომელიც 15 ოქტომბრიდან გავა როგორც  Euronews-ზე, ისე CNN-ზე.

კურორტის სასტუმრო და სხვა მომსახურებების ინფრასტქრუქტურის განვითარებას კომპანია „გოდერძი რეზორთსი" ახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელი ჯემალ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ძალიან დიდია, თუმცა, კონკრეტული პროექტები სავარაუდოდ კურორტის გახსნის შემდეგ წამოვა.

ბოლქვაძის თქმით, ინვესტორები ძირითადად სასტუმროების მშენებლობით ინტერესდებიან.

კურორტის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო და ის ცენტრალური ბიუეჯეტიდან 23 მილიონი ლარით ფინანსდება. გარდა ამისა, საბაგირო გზებისთვის ავსტრიის მთავრობისგან 10.9 მილიონი ევროს შეღავათიანი სესხია გამოყოფილი.

საბოლოო გეგმის მიხედვით კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა მოახერხოს. ზამთრის კურორტის მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2350 მეტრს აღწევს.

ავტორ(ებ)ი : სოფო ქსოვრელი

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.