ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გოდერძიზე სასტუმრო “ამბასადორი” და “რამადა” გაიხსნება
24 იანვარი, 2019

კურორტ გოდერძიზე სასტუმრო “ამბასადორი” და “რამადა” გაიხსნება, – ამის შესახებ bm.ge-ის აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სულხან ღლონტმა განუცხადა.

მისი თქმით, აჭარაში მდებარე სამთო კურორტზე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “ამბასადორის” გახსნას თბილისსა და კაჭრეთში მდებარე სასტუმროების ქსელის “ამბასადორის” მფლობელები აპირებენ.

რაც შეეხება ზოგადად ინვესტორების დაინტერესებას კურორტით, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კურორტის მიმართ ბოლო პერიოდში დაინტერესება იზრდება.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კურორტი სრულად დატვირთულია, რადგანაც განთავსების ადგილების რაოდენობა მცირეა. სულხან ღლონტის ინფორმაციით, დღეისთვის კურორტ გოდერძზე მაქსიმუმ 300 ტურისტის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა მომავალ წელს ადგილზე 2 ახალი სასტუმრო შევა ექსპლოატაციაში და კურორტს 100 ახალი ნომერი დაემატება. მომდევნო 3-4 წელიწადში კი, სულხან ღლონტის თქმით, განთავსების ადგილების რაოდენობა 4 ათასს მიაღწევს.

სულხან ღლონტის ინფორმაციით, კურორტ გოდერძის სტუმრობენ როგორც ადგილობრივები, ასევე უცხოელი ტურისტები. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის ფოკუს ჯგუფი ევროპული ტურისტების მოზიდვაა, რომელთათვისაც გაუკვალავ თოვლში სრიალი განსაკუთრებით საინტერესოა. სწორედ ამიტომ გასულ წელს კურორტის სარეკლამო რგოლები “ევრონიუსსა” და “დოიჩე ველეზე” გავიდა.

ავტორი: სალომე მეცხვარიშვილი
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.