ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გომისმთა - კურორტი ღრუბლებში (ფოტო)
15 აგვისტო, 2017

გომისმთა გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 2100-2700 მეტრზე მდებარეობს. მუდმივი მოსახლეობა ადგილზე თითქმის არ არის. მძიმე კლიმატური პირობებისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო კურორტს მხოლოდ ზაფხულსა და ადრეულ შემოდგომაზე შეუძლია სტუმრების მიღება. 

გომისმთას ამჟამად არც ელექტროენერგია და არც მუდმივი წყალმომარაგება აქვს, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქვს მთავარი - პოტენციალი, რომ გახდეს არამხოლოდ საზაფხულო, არამედ ზამთრის კურორტიც. 



ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თანამშრომელ, კურორტის უფროსი სპეციალისტი ზურაბ ჩხარტიშვილი ამბობს, რომ გომისმთის ჰავა, რომელიც ზღვისა და მთის კლიმატს აერთიანებს, კურორტს განსაკუთრებულ მიმზიდველობას სძენს. 



ზურაბ ჩხარტიშვილი გვიყვება, რომ კურორტი გომისმთა 1900-იან წლებში აღმოაჩინეს, პირველი ტრანსპორტი კი აქ 1960 წელს გამოჩნდა. განსაკუთრებული პოპულარობა კურორტმა 1980-იან წლებში მოიპვა, როდესაც სეზონზე დამსვენებლების რიცხვმა 25 ათასს მიაღწია. დღეს გომისმთა დაახლოებით 3 ათას დამსვენებელს იღებს. 

ზურაბ ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ გომისმთა ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება ტურისტებისთვის. მისი ინფორმაციით, უკვე დაწყებულია წყლის გაყვანილობაზე მუშაობა და მომავალ სეზონზე დამსვენებელს მუდმივი წყალმომარაგება ექნება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, ადგილზე ელექტროგადამცემი ანძები დამონტაჟებულია, თუმცა, ამ ეტაპზე ელეტროსადენების გარეშე. ელექტროენერგიის მიღების ერთ-ერთ რეალურ წყაროდ ბჟუჟიჰესიდან მიღებული ენერგია განიხილება. 

რაც შეეხება გზას, ამ მიმართულებით ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული არ არის. კურორტის უფროსი სპეციალისტი ამბობს, რომ 2011 წელს არსებობდა პროექტი, რომელიც გომისმთის მიმართულებით გზის მშენებლობას ითვალისწინებდა და ამისთვის 18 მილიონი ლარი იყო საჭირო, თუმცა, მისთვის გაურკვეველი მიზეზების გამო ის ვერ განხორციელდა. 



ზურაბ ჩხარტიშვილის თქმით, კურორტის ხელახალი აღორძინება 2011 წლიდან რამდენიმე ადამიანმა დაიწყო და მისი ცნობადობის გაზრდის მიზნით ყოველწლიური ფესტივალი "გომისმთობაც" დააარსა. როგორც ის ყვება, პირველ წლებში ღონისძიებას ის და რამდენიმე ადამიანი აფინანსებდა, მოგვიანებით კი ამაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტიც ჩაერთო. 2017 წლის გომისმთობა 13 აგვისტოს გაიმართა. დღესასწაული სპორტული და გასართობი ღონისძიებებით იყო დატვირთული. ადგილზე გაიმართა შეჯიბრი სპორტის სხვადასხვა სახეობაში - ჭიდაობა, ფეხბურთი, ფრენბურთი, ასევე დოღი. 

ღონისძიების მეორე ნაწილი კი გასართობ აქტივობებს დაეთმო, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე გამოსვლები ჰქონდათ ადგილობრივ ანსამბლებსა და მოწვეულ სტუმრებს. 







www.bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.