გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში რომაული სამხედრო ბანაკი მოეწყობა. პროექტი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ახლად დანიშნულმა ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა წარადგინა.
გონიო-აფსაროსის მუზეუმ-ნაკრძალში ახალ აღმოჩენებს გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ ბანაკი გონიოს მუზეუმ-ნაკრძალს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის ვიზიტორებისთვის.
მან ასევე დაათვალიერა მუზეუმში დაცული რომაელი ლეგიონერის აღჭურვილობა, ჯარისკაცის ცხოვრებასთან და საქმიანობასთან დაკავშირებული ნივთები, საბრძოლო და საინჟინრო ინვენტარი.
„რომაული ბანაკის მოწყობა დაეხმარება გონიოს ციხის პოპულარიზაციას და ასევე კომპლექსის კომერციალიზაციას. მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მიმდინარე არქეოლოგიური სამუშაოები და ამ ყველაფრის ბალანსის საფუძველზე, უნდა შევძლოთ, რომ გონიო მართლაც იქცეს ქალაქისთვის სავიზიტო ბარათად," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
ბოლო პერიოდში განხორციელებული გათხრების შედეგად გონიოს ციხის ტერიტორიაზე გამოვლინდა რომაული პერიოდის ახ. წ . I ს-ის II ნახევრით დათარიღებული აბანოს ნაშთები წყლის რეზერვუარებით, ქვაფენილით და მოზაიკიანი იატაკით. გონიოს ციხეში სხვადასხვა ექსპედიციის დროს ნაპოვნია ოსმალური, ბიზანტიური და რომაული პერიოდის მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური მასალა.
www.travelingeorgia.ge