ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორის ავტობანზე პირველი სწრაფი ელექტროდამტენი რამდენიმე დღეში ამოქმედდება
25 ოქტომბერი, 2017

საქართველოში პირველი სწრაფი ელექტროდამტენი გორის ავტობანზე უკვე დამონტაჟდა. როგორც კომპანია E-space-ის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი ნატა კასრაძე „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავს, ელექტროდამტენი, რომელიც „სოკარის“ ქსელში განთავსდა, ექსპლუატაციაში ოქტომბრის ბოლომდე შევა.

მისი თქმით, მათი კომპანია ელექტროდამტენების ქსელის გაზრდას 100-მდე გეგმავს.

„ჩვენ დამტენების ქსელს ვავითარებთ და უკვე 30-მდე ქალაქის დამტენი გვაქვს დამონტაჟებული. სამომავლოდ გვინდა, რომ მათი რიცხვი 100-მდე გაიზარდოს. სხვადასხვა ქალაქები უკვე ავითვისეთ. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია, ელექტროდამტენები მთელი ქვეყნის მასშტაბით დავამონტაჟოთ. რაც შეეხება სწრაფ დამტენებს, ამ მხრივაც გვაქვს გეგმები და ამ მიმართულების გაფართოებასაც ვაპირებთ. პირველი სწრაფი ელექტროდამტენი კი გორის ავტობანზე, „სოკარის“ ქსელში უკვე დამონტაჟებულია და ექსპლუატაციაში რამდენიმე დღეში, თვის ბოლომდე შევა“, - აღნიშნა კასრაძემ.

width=501

მისივე თქმით, სწრაფი დამტენები მხოლოდ ავტობანებზე დამონტაჟდება: „მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა ასეთია, რომ სწრაფი დამტენების გამოყენება ხშირად რეკომენდირებული არ არის. ამიტომ ქალაქში მის მონტაჟს აზრი არ აქვს. სწრაფი დამტენი გამოიყენება მაშინ, როდესაც მძღოლს გადაადგილება სჭირდება შედარებით შორ მანძილზე და უნდა, რომ მანქანას მუხტი სწრაფად დაუმატოს.“

ამასთან, ნატა კასრაძის ინფორმაციით, სწრაფი ელექტროდამტენის მოხმარება უფასო იქნება, ისევე როგორც ქალაქის ელექტროდამტენების.

„ამ ეტაპზე სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. პირობა დადებული გვაქვს, რომ 2017 წლის ბოლომდე ზოგადად ელექტროდამტენების მოხმარება უფასო უნდა იყოს, თუმცა სავარაუდოდ, 2018 წლის ბოლომდეც უფასო იქნება. შემდეგ უკვე პრაქტიკა გვიჩვენებს როგორ მოვიქცეთ. საქართველო იშვიათი გამონაკლისია იმ მხრივ, რომ ელექტრომობილების დამტენების დამონტაჟებით კერძო კომპანიაა დაკავებული, რადგან ასეთ შემთხვევებში მსგავსი პროექტების სათავეში სახელმწიფო არის. იშვიათი ფაქტია ისიც, რომ დამტენების გამოყენება უფასო იყოს. ჩვენი მიზანიც არის, რომ ამ ეტაპზე უფასო იყოს, რადგან ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ელექტრომობილი შემოვიდეს და მათი პოპულარიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა კასრაძემ.

კითხვაზე, თუ სამომავლოდ გადაწყდა, რომ ელექტროდამტენების მოხმარება ფასიანი იყოს, რამდენი იქნება მომსახურების სავარაუდო ღირებულება, ნატა კასრაძე გვპასუხობს, რომ ელექტრომობილის დამუხტვა ბენზინის მოხმარებასთან შედარებით ბევრად იაფი ეღირება:„ზუსტ ტარიფს ვერ გეტყვით, მაგრამ ბევრად უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე ბენზინის. მაგალითისთვის, უახლესი მოდელის Nissan Leaf-ის ელექტრომანქანის მომხმარებელს ასი კილომეტრის გასავლელად დაახლოებით ორლარნახევრის ელექტროენერგია დასჭირდება“.

რაც შეეხება ელექტრომობილების ბაზარს, E-space-ის განვითარებისა და მარკეტინგის დირექტორი განმარტავს, რომ ერთი წლის განმავლობაში გადაადგილების აღნიშნულ საშუალებაზე მოთხოვნა საკმაოდ გაიზარდა.

„ქვეყანაში ელექტროდამტენების ქსელის განვითარებით მხოლოდ ჩვენ ვართ დაკავებული. პირველი დამტენი 2016 წლის ნოემბერში დავაყენეთ. იმ დროისთვის ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ათეული ელექტრომობილი იყო. ერთი წლის შემდეგ კი უკვე რამდენიმე ასეულია და საკმაოდ მზარდი დინამიკა გვაქვს. ყოველდღიურად ელექტრომობილების იმპორტი მატულობს. ასე რომ, ჩვენმა გათვლამ გაამართლა“, - აღნიშნავს ნატა კასრაძე.

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.