ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორის ისტორიულ ციხე-სიმაგრეის რეაბილიტაცია დაიწყო
14 სექტემბერი, 2018

გორის ისტორიულ ციხე-სიმაგრეზე კომპლექსური სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო და არქეოლოგიური კვლევა-ძიების პროცესი დაიწყო.

პროექტის შედეგად ციხის კომპლექსისა და მიმდებარე ისტორიულ ზონაში არსებული არქეოლოგიური, ქალაქმშენებლობითი და არქიტექტურული ობიექტების ბაზაზე მომდევნო 4 წლის განმავლობაში სამუზეუმო-სანახაობითი, შემეცნებითი, სავაჭრო და აქტიური დასვენების სივრცეები შეიქმნება.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ციხის გალავნის შიგნით არსებულ ობიექტებთან ერთად სამუზეუმო კომპლექსი ციხის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდობებზე გამოვლენილ კონსერვირებულ ან ნაწილობრივ რესტავრირებულ არქეოლოგიურ ობიექტებსაც გააერთიანებს.

ციხის კოშკ-კარიბჭესთან, ხაროსთან, მარანთან, წმ.გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესიის ნაშთებთან, ცხრაკარიანის კასკადთან, შიდა ეკლესიასთან და მდ. ლიახვზე გამავალ გვირაბთან ერთად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთიანი სივრცე როსტომ მეფის სასახლეს და ეკლესიას, ღვთისშობლის მცირე საყდარს, ანტიკური პერიოდის გალავნის კედლის ფრაგმენტებსა და ისტორიულ ზონაში არსებულ ხუროთმოძღვრულად საინტერესო რამოდენიმე საცხოვრებელ სახლსა და ნასახლარსაც მოიცავს. სამომავლოდ, ციხის ზედა ბაქანზე არსებული წყლის ძველი რეზერვუარის მიწისქვეშა ვრცელი ნაგებობა არქეოლოგიური და საბრძოლო ხელოვნების ისტორიის სამუზეუმო ექსპოზიციას დაეთმობა. ციხის ფერდობებზე, 1920 წლის მიწისძვრის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლების შემორჩენილ კედლებზე კი სასტუმროები, სავაჭრო დახლები, დუქნები და ხალხური რეწვის სახელოსნოები ძველი განაშენიანების ხასიათითა და მასშტაბით განახლდება.

პროექტის საწყისი ეტაპი ამჟამად ციხის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთით არსებული ქვედა გალავნის რეაბილიტაციას მოიცავს, რაც მიწისა და მცენარეული საფარისგან ტერიტორიის სრულად გაწმენდასა და რიყისა და ფლეთილი ქვით ნაგები გალავნის სხვადასხვა სეგმენტების მოშლილი წყობის აღდგენა-კონსერვაციას გულისხმობს. მორყეული, გამოქარული კედლის ფრაგმენტების სრულად გადაეწყობა ხოლო გალავნის კედლებისა და ბურჯების საძირკვლები საფუძვლიანად გამაგრდება.

კომპლექსურად განხორციელდება ციხის არქეოლოგიური შესწავლაც. სამეცნიერო კვლევა-ძიებისას გამოვლენილი ობიექტები სათანადო წესით აიზომება და კონსერვირდება.

სამუშაოები, რომელსაც სააგენტოს დაფინანსებით კომპანია „არქიტექსი“ ახორციელებს, არქიტექტორ-რესტავრატორისა და არქეოლოგის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს.

გორის ისტორიული ციხე-სიმაგრე ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის სტატუსის მქონე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. სააგენტოში იმედოვენებენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ რეგიონის ტურისტული ინფრასტრუქტურის საბაზისო ცენტრი გახდება. გორის ციხე, ისევე როგორც საქართველოს ციხე-სიმაგრეთა უმეტესობა, თავისი ისტორიის მანძილზე მრავალჯერაა დანგრეული და აღდგენილი. მრავალჯერადი შეკეთების, გამაგრება-განახლების შედეგად შეუძლებელია სხვადასხვა პერიოდში შეტანილი ცვლილებების გამიჯვნა და მოცულობების დადგენა. 1920 წლის ცნობილმა მიწისძვრამ ქალაქი გორი თითქმის მთლიანად დაანგრია და ციხესაც დიდი ზიანი მიაყენა. მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ძეგლზე სარეაბილიტაციო პროცესი რამდენჯერმე წარიმართა.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.