ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორის მუნიციპალიტეტში ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტი დაარსდება
07 ივნისი, 2022

შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში ტანასა და თეძამის ხეობებში,  32 850 ჰექტარ ფართობზე,  ტანას აღკვეთილი და ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტი დაარსდება. აღნიშნულს "ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც დღეს მთავრობის სხდომაზე მოიწონეს. 

ტანას აღკვეთილის საერთო ფართობი იქნება 10 986 ჰექტარი, ტანასა და თეძამის დაცული ლანდშაფტის კი, 21 864 ჰექტარი.

ტანასა და თეძამის  ხეობები წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები. 

"აღნიშნულიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, ტანასა და თეძამის ხეობებში დაცული ტერიტორიის შექმნა. დაცულ ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება უნიკალური ეკოსისტემების დაცვა, ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტის შენარჩუნება, ბუნებრივი რესურსების მდგრადი სარგებლობა, ტერიტორიაზე ტურისტულ‐რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარება და რეკრეაციული პოტენციალის სრულად ათვისება, რაც, შესაბამისი რეკრეაციული ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების პირობებში, მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღების წყარო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის", - აცხადებენ გარემოს დაცვის სამინისტროში.

business-partner.ge

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.