ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გორს განვითარების ახალი გეგმა ექნება-რა პოტენციალი აქვს ქალაქს?
06 აგვისტო, 2019

გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული გორში გენერალურ გეგმაზე მუშაობენ. რამდენჯერმე დოკუმენტზე მომუშავე სითი ინსტიტუტის გუნდმა საჯარო განხილვებიც გამართა და საუბარი ქალაქის სწორი განვითარების პროცესებზე და იმ სამომავლო სარგებელზე იყო, რომელსაც კონცეფციის რეალური განხორციელება სამომავლოდ მოუტანს გორსა და მის შემოგარენს.

შედეგად კი, ქალაქი გორი 20-მდე ჰომოგენურ და განსხვავებული ცხოვრების სტილის უბნებად დაიყო და დაგეგმილია ინფრასტრუქტურული პროექტებიც. თემაზე გადაცემა „საქმიან დილაში“ ელენა დარჯანიამ, გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ავტორმა ისაუბრა.

„ქალაქ გორის პოტენციალი არ არის სრულად ათვისებული. აქ, უძრავი ქონების ბაზრის მიმართულებით არსებობს პრიორიტეტული განვითარების არეალები, რომლებიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება სამშენებლო ბიზნესის წასახალისებლად. ასევე მნიშვნელოვანი ცენტრია კულტურული მემკვიდრეობა და ტურიზმი.

როდესაც ვაკეთებდით კვლევას აღმოვაჩინეთ, რომ ქალაქ გორს აქვს თავის მოსახლეობაზე ორჯერ მეტი ვიზიტორი, თუმცა ტერიტორია აუთვისებელია ტუროპერატორებისა და ბიზნესის მიერ. თავად ქალაქიც არ არის მზად, რომ ტურისტული ნაკადები მიიღოს. ამიტომაც საჭიროა მისი სწორად დაგეგმვა და განვითარება,“ – აღნიშნა, ელენა დარჯანიამ.

როგორც პროექტის ავტორი აღნიშნავს, მიზანი არის კულტურული უბნის შემოერთება, ხოლო გამომდინარე იქედან, რომ გორის ძლიერი მხარე არის მისი კარგად უზრუნველყოფილი საინჟინრო ინფრასტრუქტურა, მას აქვს ძალიან კარგი რესურსი ცენტრალური უბნების წახალისების.

„ურბანული განახლება ცენტრალურ არეალში უნდა მოხდეს, თუმცა ყველა თანხმდება, მათ შორის მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი მოსახლეობაც, რომ გორი არ უნდა იყოს მაღალსართულიანი ქალაქი. მათ კარგად აქვთ ციხის მნიშვნელობა, როგორც დომინანტის და ეს ხედი არ უნდა დაიკარგოს. ხოლო თუკი მაღალსართულიანი შენობა გაჩნდება, ის აშენდება ისეთ ადგილას, სადაც ხელი არ შეეშლება ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასა და იერსახეს.

გარდა ამისა, ჩვენ მართალია დავნიშნეთ პრიორიტეტული განვითარების არეალები, სადაც შესაძლებელია ახალი მშენებლლობის წარმოება, თუმცა პარალელურად ჩვენ ვფიქრობთ შენარჩუნდეს ის მრავალფეროვნება, რომელიც აქვს ქალაქს. გარდა ამისა, ჩვენ ვიღებთ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ქალაქი დაიცავდა და ბიუჯეტის გათვალისწინებით შეძლებს მართვას,“ – განაცხადა გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტის ავტორმა.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.