გორის მუნიციპალიტეტი ევროკავშირის გრანტით გასული წლის ბოლოს დაფინანსდა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 695 997 ათასი ევროა. აქედან 600 000 ევრო ევროკავშირის დაფინანსებაა, მუნიციპალიტეტის კონტრიბუცია კი 95 ათასი ევროს შეადგენს.
თანხა ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობას მოხმარდება. პროექტი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდასაც ითვალისწინებს, რისთვისაც მათი უნარების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტირების სერვისის გზით იგეგმება.
„მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა, კერძოდ გაკეთდება ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, შემნახავი საკანი, საკონფერენციო სივრცე, პარკინგისა და სანიტარული ობიექტები. ქალაქის ცენტრსა და ისტორიულ ნაწილში ველო-ინფრასტრუქტურა, შეიქმნება ველოსიპედების გაქირავების სერვისი. სუვენირებისა და სხვა ადგილობრივი პროდუქტების სარეალიზაციო სივრცე. გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმის მიერ მოეწყობა ეროვნული საკვებისა და ხელნაკეთობების დამამზადებელი სახელოსნოები, სადაც მუშაობის პროცესს ვიზიტორები დაესწრებიან, შექმნილი პროდუქციაც ადგილზევე გაიყიდება. ასევე, დაგეგმილია სატრენინგო სივრცის შექმნა, სადაც ქალაქის მერია ჩაატარებს უფასო ან შეღავათიან ფასიან ტრენინგებს ტურიზმის სექტორში დასაქმებული ადამიანებისთვის. ხაზგასასმელია, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული ინფრასტრუქტურა ერთმანეთთან იქნება დაკავშირებული და შექმნის საერთო კომპლექსს“,-აცხადებენ BM.GE-სთან საუბარში გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტმა დაფინანსება პროექტი „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ საგრანტო პროექტის ფარგლებში მიიღო. პროექტის დაწყება თანხის ჩარიცხვიდან მომდევნო თვეში იგეგმება. ხანგრძლივობა კი 28 თვეა.
www.bm.ge