ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გრემის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
26 ივნისი, 2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფ. გრემში მდებარე წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ტაძარი XVI ს-ისაა. ჯვარგუმბათოვანი ნაგებობა აშენებულია ნატეხი ქვით. კუთხეებში, კარ-სარკმელთა ღიობებში, დეკორზე, ლავგარდნად და გუმბათზე აგურია გამოყენებული.

ფასადები შელესილი ყოფილა. ამჟამად შელესილობა დაზიანებულია და ადგილ-ადგილ აყრილი.

აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვეშ, კედელთან ქვის მრავალკუთხა ტრაპეზია მიდგმული. სარკმლის ორივე მხარეს თითო ნიშია. აბსიდის კონქი მხრებზე გადასულ შეისრულ თაღს ეყრდნობა. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა ამაღლებული.

ტაძარში არის სამკვეთლო და სადიაკვნე, რომლებიც საკურთხეველს შიდა კარით უკავშირდებიან. პასტოფორიუმთა დასავლეთის კარის თავზე, სანიშეებია, რომელთა ზემოთ მარმარილოს ფილებია ჩადგმული.

ჩრდილოეთის მკლავის ფილა ძლიერ დაზიანებულია და მასზე შესრულებული ასომთავრული წარწერის მხოლოდ ცალკეული რამდენიმე ასო იკითხება. სამხრეთის მკლავის ფილაზე კი ჯერ კიდევ გაირჩევა რვასტრიქონიანი წარწერის ფრაგმენტები. წარწერა საქტიტორო უნდა იყოს, რომელშიც მღვდელმთავარ ნიკოლოზის სახელზე მიმართვაა. ტექსტის ბოლოში უნდა იხსენიებოდეს ვინმე ზაქარია (ტექსტი წაიკითხა გიორგი გაგოშიძემ).

ტაძრის ჩრდილოეთის, სამხრეთის და დასავლეთის მკლავები სწორკუთხაა და შეისრული თაღებით სრულდება. დასავლეთის მკლავი დაგრძელებულია და ჩრდილოეთის და სამხრეთის ნაწილში შეისრული უბეებია. მკლავების მხრებზე გუმბათის ყელია დაყრდნობილი. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის ყელზე გადასვლა აფრების საშალებით ხდება. გუმბათის ყელში რვა თაღოვანი სარკმელია. ინტერიერის კედლებზე შემორჩენილია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.