ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გუდალეთში შუა საუკუნეების ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
09 ივლისი, 2018

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდალეთში,ნასოფლარ ვარჯაანის ტერიტორიაზე მდებარე შუა საუკუნეების დარბაზულ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

დარბაზული ეკლესია (9,85 X 5,6 მ.) სოფლის სასაფლაოზე დგას. ის ნაშენია ადგილობრივი ჯიშის კლდის ქვის შერჩეული ქვებით. ქვედა რეგისტრში ქვები დიდი ზომისაა, ზემოთ - პატარა. ინტერიერი: აღმოსავლეთით ნახევრწრიული ფორმის აფსიდაა, ცენტრში ვიწრო, თაღოვანი სარკმელით. აფსიდის კონქი სფერულია. სარკმელის ქვემოთ კედელზე მიდგმულია ქვით ნაშენი და კირით შელესილი სწორკუთხა ტრაპეზი. ტრიუმფალური თაღი აფსიდის კუთხეებზე დასმულ მარტივპროფილიან კარნიზებს ეყრდნობა. 

გრძივი კედლების შუაში სამსაფეხურიანი პილასტრებია, შუა ნაწილს ეყრდნობა ნახევარცილინდრული კამარის დამჭერი თაღი, რომელიც, თავის მხრივ მარტივპროფილიან კარნიზებს ეყრდნობა.

იატაკი აყრილია და მიწის ფენითაა დაფარული. დასავლეთის კედელი ყრუა, არც სარკმელია, არც შესასვლელი. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში სწორკუთხა შესასვლელია, ზედა ნაწილში - ორი თაღოვანი სარკმელი. ინტერიერის კედლებს შერჩენილი აქვს ნალესობის კვალი. 

აღმოსავლეთი ფასდის სიბრტყე მოკლებულია რაიმე მორთულობას, გამოდის ვიწრო, თაღოვანი სარკმელის ღიობი.

ეკლესიის სახურავი დაზიანებულია და კამარა გაშიშვლებულია.

ეკლესიას თარო კარნიზი ჰქონდა, რომლის ფრაგმენტები შერჩენილია ფრონტონებზე.

ნანგრევებში არის ქართული კრამიტები, რომლებიც ცხადყოფს, რომ ტაძარი კრამიტით იყო გადახურული. ეკლესიის გარშემო აწეულია მიწის დონე, ამოსულია დიდტანიანი ხეები, მის უახლოეს სიახლოვეს დაგროვილია ეკლესიიდან ჩამოცვენილი ქვები, რომლების გროვები მიწის ფენითაა დაფარული.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.