გუდაური ახალი ტურისტული სეზონისთვის ემზადება. კურორტზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ დაათვალიერა და ახალი ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებული საჭიროებები მოისმინა.
გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, გუდაური, როგორც უდიდესი ტურისტული პოტენციალის მქონე კურორტი ახალი ტურისტული სეზონის დაწყებას მაქსიმალურ მზადყოფნაში შეხვდეს.
„აქ ჩამოსულ ადამიანებს დასვენებისა და განტვირთვისთვის ყველა შესაბამისი პირობა უნდა შევუქმნათ. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ახალი გუდაურის გზის რეაბილიტაციისა და კობი-გუდაურის საბაგირო ტრასის სამშენებლო სამუშაოები, სწორედ ვიზიტორების საჭიროებებზეა მორგებული. მაქსიმალურად ვართ ორიენტირებული, რათა გუდაური ტურისტულად კიდევ უფრო მიმზიდველად ვაქციოთ“ - განაცხადა სამუშაო შეხვედრაზე შალვა კერესელიძემ.
განსაკუთრებული აქცენტი ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობისა და დასუფთავების საკითხებზე კეთდება. დაიგეგმა სამუშაოები, რომელიც გუბერნატორის ადმინისტრაციის, მთის კურორტების განვითარების კომპანიისა და კერძო სექტორის კოორდინირებული მუშაობით უახლოეს პერიოდში განხორციელდება.
www.travelingeorgia.ge