ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"გუდაური-კობის ჩრდილოეთით ახალ სათხილამურო ტრასაზე სრიალი ივლისშიც იქნება შესაძლებელი"
08 ივნისი, 2017

"ამ ეტაპზე ივნისში თოვლზე სრიალი მხოლოდ თეთნულდზეა შესაძლებელი, გუდაური-კობის საბაგიროს ხაზის აშენების შემდეგ კი ზამთრის საკურორტო სეზონი გახანგრძლივდება და დამსვენებელს კობის ჩრდილოეთ ფერდობზე სრიალი ივლისშიც შეეძლება" - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის" გადაცემაში Myrest-ი მთის კურორტების განვითარების კომპანიის ხელმძღვანელმა სანდრო ონოფრიშვილმა განაცხადა. 

სანდრო ონოფრიშვილის განცხადებით, გუდაური-კობის საბაგირო ხაზის მშენებლობა წელს დაიწყება და 2018 წლის ნოემბრისთვის დასრულდება.

„ამ საბაგიროს ხაზის მშენებლობა ნიშნავს იმას, რომ შეიქმნება ერთიანი კლასტერი გუდაური-ყაზბეგის მიმართულებით. საბაგიროს მშენებლობის პარალელურად ჩრდილოეთ ფერდობზე მოეწყობა ახალი სათხილამურო ტრასა და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე ზამთრის საკურორტო სეზონი ამ ტერიტორიაზე გახანგრძლივდება. შესაბამისად, დამსვენებელს და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, რომ ამ ტერიტორიაზე თხილამურებით ივლისშიც კი ისრიალოს", - განაცხადა სანდრო ონოფრიშვილმა.

როგორც ცნობილია, ზამთრის კურორტებზე სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის გასავითარებლად მთავრობა 170 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც 2016 წლის ბოლოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებდა, ეს თანხა მომდევნო რამდენიმე წელიწადზე გადანაწილდება.

ავტორ(ებ)ი: კომერსანტი

coomersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.