გუდაურის გადმოსახედის განვითარების მეორე ეტაპის დაწყება 2019 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა პროექტი 2020 წლისთვის გადაიდო. როგორც BM.GE-ს ყაზბეგის მერის მოადგილე დავით ქირიკაშვილმა განუცხადა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტს 2018 წელს დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის სისტემის შეცვლა გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო მოუწია.
„წელს ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი გვქონდა და ადგილობრივ ბიუჯეტში იმისთვის თანხა აღარ დაგვრჩა, რომ ეს პროექტი გაგვეთვალისწინებინა. უფრო პრიორიტეტული პროექტები გვქონდა,“ – განაცხადა დავით ქირიკაშვილმა.
როგორც ქირიკაშვილი განმარტავს, პროექტის მეორე ეტაპის განხორციელებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა ხელახლა გახდა საჭირო. დავით ქირიკაშვილის თქმითვე, კომპანიამ, რომელმაც გუდაურის გადმოსახედის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია განახორციელა, მან სახელშეკრულებო პირობები შეასრულა და მუნიციპალიტეტთან მუშაობა დაასრულა. ახლა პროექტზე ხელახალი ტენდერის გამოცხადება იგეგმება, ხოლო შემდეგ გამარჯვებული კომპანია მშენებლობას დაიწყებს.
„ადგილმდებარეობას ექსპერტიზას ხელახლა ჩავუტარებთ და ხარჯთაღრიცხვა თავიდან არის გასაკეთებელი. ასევე პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხის შეცვლაა მოსალოდნელი. მიმდინარე წლის ზამთარში საპროექტო დოკუმენტაციას მივიყვანთ ბოლომდე და როგორც კი კლიმატური პირობები საშუალებას მოგვცემს პროექტის განხორციელებას დავიწყებთ, “- განმარტა ყაზბეგის მერის მოადგილემ
ცნობისთვის: 2019 წლის გაზაფხულზე გუდაურის გადმოსახედის განვითარების მეორე ეტაპის დაწყება იგეგმებოდა და მასში ჯამში 1 300 000-მდე ლარის ინვესტიცია უნდა ჩადებულიყო. ახალი სივრცითი მოწყობის სამუშაოების დასრულება 6 თვეში იგეგმებოდა.
პროექტის მეორე ეტაპის მიხედვით, ადგილზე მოეწყობა შენობა-ნაგებობა, სადაც ტურისტებისთვის სპეციალური მოსასვენებელი ადგილი განთავსდება. გარდა ამისა, აშენდება საკონფერენციო და საგამოფენო დარბაზები. იგეგმება კაფეს ტიპის კვების ობიექტის გახსნაც. მეორე ეტაპის მიხედვით გათვალისწინებული ახალი სივრცე გადმოსახედთან ახლოს განთავსდება.
შეგახსენებთ, გუდაურში ე.წ გადასახედის მონუმენტის პირველი ეტაპის რეაბილიტაცია 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდა. პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განახორციელა. პროექტის ფარგლებში გაკეთდა მოძველებული მოზაიკისა და შენობის „სარტყელის“ აღდგენა კონსტრუქციის გამაგრება მოხდა. ასევე, მონუმენტამდე მისასვლელ გზაზე ქვაფენილი დაიგო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარით დაფინანსდა.
BM.GE