გუდაურის საბაგიროზე მომხდარ შემთხვევაზე ექსპერტების დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი
საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის" წარმომადგენლებმა, რომლებიც მთავრობის მოწვევით მესამე დღეა, გუდაურში იმყოფებიან, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს. კომპანიის წარმომადგენლები უკვე დასკვნის მომზადებას დაიწყებენ.
კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ საძელეს საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.
„ბიურო ვერიტასი" 1828 წელს დაფუძნდა და მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ტექნიკური ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.
16 მარტს გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მოსამზადებლად მთავრობამ „ბიურო ვერიტასის" წარმომადგენლები მოიწვია, რომლებმაც პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმეიერის" წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმედღიანი, დეტალური მოკვლევა განახორციელეს.
„ბიურო ვერიტასის" ექსპერტები გუდაურს დღეს დატოვებენ. მათ მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
www.travelingeorgia.ge