კერძო კომპანია გუდაურში „ალპური სოფლის" მოწყობას გეგმავს. 6-მა პარტნიორმა 2014 წელს გუდაურში 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც 4 სეზონზე გათვლილი სამთო სოფლის განვითარება უნდა მოხდეს.
ბიზნეს გეგმა კომპანიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე" წარადგინა. პროექტის პარტნიორი „ჰანეველ პარტნერსია" მასტერ გეგმაზე, ECOSIGN-ი, ბიზნეს გეგმაზე კი „ერნსტ ენდ იანგი" მუშაობს. პროექტის მიხედვით იგეგმება 2,3 და 4 ვარსკვლავიანი აპარტ ოტელების განვითარება მთლიანობაში 1300 ოთახით. პირველ ეტაპზე მხოლოდ 500-600 ოთახის მოწყობა მოხდება.
გათვალისწინებულია რესტორნების, კაფეების, ბარების, სხვადასხვა დასვენების ადგილების : საცურაო აუზების, სპა ზონების, ღვინის ბარების, ღამის კლუბების და საბავშვო ზონის მოწყობა. პროექტის პირველი ფაზის განვითარება 2016-2018 წლებში, მეორე და მესამე ფაზის განვითარება კი 2018-2021 წლებშია დაგეგმილი. მთლიანი ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია, თუმცა პარტნიორები 30 მილიონი დოლარის საგარეო დაფინანსებას ეძებენ. სამიზნე ბაზრები ალპურ სოფელში ტურისტების მოსაზიდად რუსეთი, უკრაინა და პოლონეთია.
ავტორ(ებ)ი : სალომე სოსელია