გუდაურში მდებარე სასტუმრო “მარკო პოლო“ დეკემბრის შუა რიცხვებამდე დაჯავშნილია.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ სასტუმროს ბიზნესის განვითარების მენეჯერმა გვანცა მირზიაშვილმა განუცხადა, მიუხედავად ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა, სასტუმროში აქტივობა არის.
„განწყობა ჩვეულებრივია, ვმუშაობთ, ვემზადებით ზამთრის სეზონისთვის, ჯავშნებს აქტიურად ვიღებთ. ძირითადი ინტერესი უცხოელებისგან (ევროპა, მეზობელი ქვეყნებიდან) მოდის, ჯავშნებიც შესაბამისად მათგანაა. ქართველები მხოლოდ 2 კვირით ადრე ჯავშნიან სასტუმროს. პანდემიამდელ აქტივობას ეს ვერ შეედრება, თუმცა, მაინც კმაყოფილები ვართ. პანდემიამდე, სექტემბერში უკვე დაჯავშნილი იყო მთელი დეკემბერი,“ - აცხადებს მირზიაშვილი.
რაც შეეხება მოლოდინებს, სასტუმროს ბიზნესის განვითარების მენეჯერი აცხადებს, რომ არც კი განიხილავენ იმას, რომ ეპიდემილოგიური მდგომარეობის გამო სასტუმროებს მუშაობა ზამთრის სეზონზე შეეზღუდოთ.
„არც კი გვაქვს ამის მოლოდინი, გამორიცხულია, გასულ წელსაც იყო მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, მაგრამ იმუშავეს სასტუმროებმა, ვიცით, რომ საბაგიროებიც გაიხსნება და შესაბამისად, მოლოდინი დადებითი გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ ჯავშნების გაუქმებები არ იქნება,“ - აცხადებს მირზიაშვილი.
მისი ინფორმაციით, „მწვანე ბარათების“ სისტემა აუცილებლად უნდა დაინერგოს და გააქტიურდეს ვაქცინაცია. როგორც მირზიაშვილი აცხადებს, სხვა გამოსავალი არ აქვს არც ბიზნესს, არც მთავრობას და არც საზოგადოებას.
business-partner.ge