ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გუდაურში შიდა გზებს სპეციალური გეგმის მიხედვით დააგებენ – როდის გახდება გუდაური „მსოფლიო სტანდარტების“ კურორტი?
20 ოქტომბერი, 2017

კურორტი გუდაური, რომელიც სხვა სამთხო-სათხილამურო ზონებთან შედარებით, დედაქალაქთან ყველაზე უფრო ახლოს მდებარეობს, წლებია სამთო–სათხილამური სეზონს პრობლემებით ხვდება. გამონაკლისი არც წლევანდელი სეზონია. ძირითადი პრობლემა, რაც დღემდე მოუგვარებელია, არის შიდა გზები, მათ შორის ტროტუარების არასათანადო მოწყობა, გადათხრილი ტრასა, წყალმომარაგება და ა.შ. არადა, ჯერ კიდევ გასულ წელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებდა, რომ გუდაური მსოფლიოს საუკეთესო სტანდარტებთან შესაბამისი კურორტი უნდა იყოს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, რათა არანაირი შეფერხება არ ჰქონდეთ უცხოელ ტურისტებს და ადგილობრივ დამსვენებლებს“, - აცხადებდა პრემიერი, თუმცა ფაქტია, რომ გუდაურს მსოფლიო სტანდარტების კურორტის სტატუსი არც წელს ექნება.

კიდევ ერთი დაპირება, რაზეც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც საუბრობდა, ეს არის გუდაურის 24–საათიანი წყალმომარაგების საკითხი. წყლისა და კანალიზაციის პრობლემა კურორტზე ზამთრის სეზონზე დამსვენებლებისთვის ყველაზე დიდ დისკომფორტს ქმნის. ამის შესახებ ადგილობრივი სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ არაერთხელ საუბრობდნენ.

თუ რა პრობლემები დგას რეგიონში, რა გაკეთდა ინფრასტრუქტურული მიმართულებით და სამომავლოდ რა გაკეთდება, რამაც კურორტის განვითარებას ხელი უნდა შეუწყოს, ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად "კომერსანტი" მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორს ლევან ზაუტაშვილს დაუკავშირდა.

„წყლისა და კანალიზაციის პრობლემა გუდაურში, რა თქმა უნდა, დგას. ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები განხორციელდა და ნაწილობრივ ეს პრობლემა მოგვარდა, თუმცა გარემო პირობების და მოსული უხვი ნალექის გამო, სამუშაოებს ამ ეტაპზე ვერ განვახორციელებთ. გეგმის მიხედვით, მომავალ წელს სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდება და 2018 წელს გუდაურს სრული წყალმომარაგება ექნება“, - აღნიშნავს ზაუტაშვილი.

რაც შეეხება შიდა გზების მოწყობის საკითხს,  ზაუტაშვილი ამბობს, რომ გუდაურში სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რაც გზის მოწყობას ხელს უშლის.

„შიდა გზების პრობლემის მოგვარება საკმაოდ რთულია, იქიდან გამომდინარე, რომ გუდაურში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. შიდა გზების ბევრი პროექტი იყო გამზადებული, მაგრამ არ განხორციელდა. არსებული გზები მძიმე ტექნიკის გადაადგილების გამო, ისევ დაზიანდა. ამიტომაც ახლა ვადგენთ სიას გუდაურში დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოების შესახებ და ამის მიხედვით მომავალ წელს შიდა გზების მოწყობას დავიწყებთ. მომავალი წელი ამ მხრივ პრიორიტეტული იქნება“, - აცხადებს რწმუნებული.

ასევე, გუდაურისთვის ერთ-ერთი პრობლემაა ადგილამდე მისასვლელი საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხიც, რაზეც ჩვენთან სხვადასხვა სასტუმროების წარმომადგენლებიც საუბრობდნენ. „ზამთარში, ყინვაში ადგილობრივები ფასანაურიდან გუდაურში რომ გადაადგილდნენ, ამისთვის საათნახევარი გზაზე დგანან, რათა ვინმემ გაიყოლოს. შეიძლება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას დიდი დრო და თანხები სჭირდება, მაგრამ ავტობუსის დანიშვნა ასეთი რთული რატომ არის, არ მესმის. მხოლოდ ადგილობრივებისთვის კი არა, გუდაურში ტურისტი რომ გადაადგილდეს, ავტობუსი ამისთვისაც საჭიროა “, - აღნიშნავდა ჩვენთან საუბარში სასტუმრო „თრუსოს“ ხელმძღვანელი.

თუმცა როგორც რწმუნებული განმარტავს, აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვს.

„ტრანსპორტი არსებობს. გუდაურში დასაქმებულები ძირითადად დუშეთიდან, ფასანაურიდან არიან და მათ გადაადგილების პრობლემა არ ექმნებათ. ამ ეტაპზე ჩემთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ არის, თუმცა აუცილებლად მოვიკითხავ ამ ამბავს. ზოგადად ვიცი, რომ ტრანსპორტი მოძრაობს, თუმცა რა ინტენსივობით, ეს არ ვიცი. თუ არსებობს ეს პრობლემა, დავაზუსტებ და აუცილებლად გადავჭრით“, - აღნიშნავს ლევან ზაუტაშვილი.

რეგიონის რწმუნებულს იმ დაპირებების შესახებაც ვკითხეთ, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა და არის თუ არა შესრულებული: „ჩვენი ძირითადი დაპირება წყალმომარაგებისა და კანალიზაციის პრობლემის გადაჭრა იყო. წელს, გეგმა-გრაფიკის მიხედვით ყველა სამუშაო შევასრულეთ. რაც შეეხება მომავალ გეგმებს, მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგად გამოვლინდა რამდენიმე პრიორიტეტული პრობლემა, მათ შორის ის, რომ გუდაურს საკუთარი სამაშველო-სახანძრო სამსახური არ ჰყავს და ამ საკითხის ფასანაურიდან და ყაზბეგიდან გაკონტროლება ხდება. ასევე მოსახლეობა პრიორიტეტად ასახელებს სამედიცინო მომსახურების განვითარების საკითხს. კონკრეტულად ეს ეხება აფთიაქს, რომელიც მხოლოდ სეზონურად მუშაობს. ვფიქრობ, რომ მოკლე ვადებში ესეც მოგვარდება.“

ავტორი: თეონა კენჭიაშვილი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.