გურჯაანში ბასკური კულინარიული ცენტრის მონაწილეობით გასტრონომიული აკადემია გაიხსნება
კავკასიის უნივერსიტეტმა და მსოფლიოში ცნობილმა ბასკური კულინარიული ცენტრმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას გურჯაანში ხუთშაბათს, 30 სექტემბერს მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, 2023–2024 წლებში კახეთის ამ კუთხეში კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემია ამოქმედდება.
ღონისძიებას ესწრებოდა განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, რომელმაც შეთანხმებას ისტორიული უწოდა, ხოლო დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა ამ წამოწყებისადმი მთავრობის მხარდაჭერის შესახებ აღნიშნა.
უნივერსიტეტის რექტორმა კახა შენგელიამ პროექტს უპრეცედენტო უწოდა. მისი თქმით, გურჯაანში გასტრონომიის მსოფლიო ვარსკვლავები ჩავლენ.
„არ მჯერა, რომ ეს ნამდვილად მოხდა, ეს არის ზღაპარი კეთილი დასასრულით“, – თქვა კახა შენგელიამ.
ამ ცენტრის შექმნის საკითხზე ესპანურ მხარესთან მოლაპარაკებები 3 წლის განმავლობაში გრძელდებოდა. პროცესში აქტიურად იყო ჩართული დავით სონღულაშვილი, რომელიც პარლამენტში ესპანეთთან მეგობრობის ჯგუფს ხელმძღვანელობს.
გასტრონომიულ ცენტრში სტუდენტებს ესპანელი პროფესორები ასწავლიან. სწავლის ხანგრძლივობა, პროფილის შესაბამისად, 6 თვიდან 2 წლამდე პერიოდს მოიცავს.
სკოლა ყოველ სასწავლო წელს მინიმუმ 200 აბიტურიენტს მიიღებს როგორც საქართველოდან, ისე მეზობელი ქვეყნებიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, უკრაინიდან და რუსეთიდან.
პროექტის ბიუჯეტის საბოლოო მოცულობა დაზუსტების პროცესშია.
commersant.ge