გურიაში ჩინელი ინვესტორები აეროდრომის რეაბილიტაციის ნახევარ-მილიარდიანი პროექტისთვის კვლევებს ატარებენ
გურიაში ჩინელი ინვესტორები აეროდრომის რეაბილიტაციის ნახევარ მილიარდიანი პროექტისთვის კვლევებს ატარებენ,- ამის შესახებ "საქმის კურსს“ გურიის გუბერნატორმა გია სალუქვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჩინურმა სახელმწიფო კომპანია Zeustar Construction Holdings Co-მა თბილისში საკუთარი წარმომადგენლობა უკვე დააარსა და გურიის სოფელ მერიაში მდებარე ყოფილი სამხედრო აეროდრომის ტერიტორიას იკვლევს. ინვესტორებს სურთ, აეროდრომის მოწყობის შემდეგ სატვირთო გადაზიდვებით დაკავდნენ.
გუბერნატორი აცხადებს, რომ მიმდინარეობს კლიმატური პირობების, გეოლოგიური, გეოდეზიური კვლევის სამუშაოები. მისი განმარტებით, ინვესტორებს განსაკუთრებით მოსწონთ ლოკაცია, რომელიც ახლოს არის როგორც ფოთის პორტთან, ასევე ბათუმთან. გია სალუქვაძის ინფორმაციით, საუბარია, საფრენი მანძილის გაზრდაზეც, რასაც ადგილზე არსებული ნაგავსაყრელი უშლის ხელს, ამასთან არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
გუბერნატორი აცხადებს, რომ 30 წელზე მეტია აეროდრომი აღარ ფუნქციონირებს, ამიტომ მიწის ქვეშ შეიძლება წყალიც იყოს, რაც ხელს შეუშლის პროექტის განხორციელებას.
გია სალუქვაძის ინფორმაციით, Zeustar Construction Holdings Co არის ჩინური სახელმწიფო კომპანია, რომელიც ძირითადად გადაზიდვებით არის დაკავებული, მათი ინტერესის სფეროში ასევე შედის სოფლის მეურნეობა.
www.businesscontract.ge