ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"გურჯაანის ღვინის ფესტივალი" IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსის პარტნიორია
14 სექტემბერი, 2022

„გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ IWSC ღვინის საერთაშორისო კონკურსის პარტნიორია. კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა, სწორედ,  „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი. წელს ფესტივალს 323 მონაწილე ჰყავს, რომლებიც სტუმრებსა და კონკურსის გამარჯვებულებსაც თავიანთი მრავალფეროვანი და არომატული ღვინოებითა და კერძებით უმასპინძლებენ. ქართველ მწარმოებლებს კი, შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო პირველად ისტორიაში, საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.

ცნობილია, რომ ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) საქართველოში პირველად ტარდება. ზაფხულში, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში ქართველ მეღვინეებს ცნობილი და გამორჩეული ბრიტანელი ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. კონკურსში წარმოდგენილ ღვინის ნიმუშებს საერთაშორისო და ადგილობრივი ჟიური შეაფასებს,რომელსაც ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უხელმძღვანელებს. ჟიურის შემადგენლობაში არიან,  ღვინის ექსპერტები მეგან კლარკი და მეგი მაკპერსონი, უფროსი სომელიეები სალვატორე კასტანო და სედარ ბალკაია, ასევე, ქართველი ექსპერტები გიორგი დაქიშვილი და ანა გოდაბრელიძე.

კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალიზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.

“გურჯაანის ღვინის ფესტივალის“ მიზანია ღვინის ტურიზმის  განვითარების ხელშეწყობა, ღვინის კულტურისა და  ქართული ტრადიციების გაცნობა, როგორც  უცხოელი, ასევე ქართული საზოგადოებისთვის. აღსანიშნავია, რომ მეღვინეობის ქალაქში გამართული გურჯაანის ღვინის მე-4  ფესტივალი ფიროსმანს და ღვინით შთაგონებულ ყველა  ადამიანს მიეძღვნას. წელს, ფესტივალი 300-ზე მეტი მეღვინის სხვადასხვა ტიპის,  ფერისა და ასაკის ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელებს  გააერთიანებს, რომელსაც სპეციალურად ღვინის  ფესტივალისთვის შექმნილი კულინარიული სივრცე, მოწვეული შეფებითა და ადგილზე შექმნილი ავთენტური კერძებით დაამშვენებს. ფესტივალი, რომელიც 30000-ზე მეტ შიდა თუ საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლებს. იქნება ერთგვარი თავშესაქცევი, მათრობელა და სასიამოვნო  მუსიკით შთაგონებული, შემოდგომის ფერებით აჭრელებულ  ულამაზეს რეკრეაციულ ზონაში, სადაც ნებისმიერი ასაკის  ადამიანი შეძლებს საინტერესოდ გაატაროს დრო მეგობრებისა  თუ ოჯახის თანხლებით.

IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე.  ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში. 

ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.

კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება  გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.  

Wine, spirits, knowledge, community. Since 1969

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.