ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების აკადემიის მშენებლობა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყება.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინიციატორმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განუცხადა, ეს იქნება ამიერკავკასიის რეგიონში ამ მასშტაბის და ამ დონის პირველი კულინარიული აკადემია.
„მოგეხსენებათ, ბასკეთის კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ მიმართულებით როგორც ევროპაში, ისე მთელ მსოფლიოში. ამიტომ, მათთან კოორდინაციით, ამ სკოლის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნისთვისაც. პირველ რიგში იმიტომ, რომ ამ რანგის კულინარიული სკოლა ჩვენს რეგიონში არ არსებობს. კახეთი გახდება მიზიდულობის ცენტრი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ სტუდენტები განათლების მისაღებად, მათ შორის როგორც ჩვენი მეზობელი, ისე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური კომუნიკაცია მიდის ბასკეთის კულინარიის ცენტრთან და სწორედ მათთან კონსუოლტაციით ხდება სკოლის პროექტირება.
„ეს პროცესი მალე გავა ბოლოში და გაზაფხულზე უკვე მშენებლობა დაიწყება. სავარაუდოდ, 2024 წლის შემოდგომაზე, ან მაქსიმუმ 2025 წლის გაზაფხულზე სკოლა უკვე შეძლებს სტუდენტების მიღებას“, - განმარტა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა 2022 წელს დაანონსდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება და დაახლოებით 17 მლნ ლარის ინვესტიცია ხორციელდება.
business-partner.ge