ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში ბასკეთის გასტრონომიული აკადემიის მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყო
18 იანვარი, 2024

ბასკეთის კულინარიული ცენტრის ხელშეწყობით, გურჯაანში გასტრონომიული მიმართულების აკადემიის მშენებლობა მეორე ეტაპი მიმდინარეობს.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინიციატორმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განუცხადა, პროექტირების პროცესს დიდი პერიოდი დასჭირდა, რომელიც საკმაოდ რთული იყო, თუმცა პროექტი ვადებში შესრულდება და 2025 წელს სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.

როგორც სონღულაშვილი განმარტავს, ამიერკავკასიის რეგიონში ამ მასშტაბის  კულინარიული აკადემია უპრეცედენტოა. მისივე ინფორმაციით, აკადემიას ექნება საერთაშორისო სტატუსი, სადაც მოსწავლეების  15% უცხოური ქვეყნებიდან შეივსება.

,,ბასკეთის კულინარიის ცენტრი ერთ-ერთი საუკეთესო სკოლაა მსოფლიოში. მისი დამსახურებაა, რომ ქალაქი, სადაც ის მდებარეობს, სან საბესტიანი,  პირველია მიშლენის ვარსკვლავის რესტორნებით ერთ სულ მოსახლეზე, რასაც ამ სკოლამ შეუწყო ხელი. ბასკეთის კულინარიის ცენტრის და კავკასიის უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტს სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს და მანვე უზრუნველყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა,  კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მსგავსი პროექტი არ განხორციელებულა. მშენებლობის პროცესი დაწყებულია, რაც არის მეორე ეტაპი, აქამდე პროექტირება მიმდინარეობდა, საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პერიოდი იყო.  2025 წლის გაზაფხულზე უნდა მიიღოს სტუდენტები, შემდეგ უკვე გამოჩნდება, რა ფორმით შეიძლება განვითარდეს“, - აღნიშნავს  ,ბიზნესპარტნიორთან“ დავით სონღულაშვილი. 

მისი ინფორმაციით, გურჯაანის გასტრონომიული სკოლა 400 მოსწავლეზეა გათვლილი.

შეგახსენებთ, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა 2022 წელს დაანონსდა. პროექტი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება.  პროექტის  ბიუჯეტი  დაახლოებით 17 მლნ ლარია.

რაც შეეხება ბასკური კულინარიის ცენტრს, სან სებასტიანში 2011 წელს დაარსდა. ის ერთ-ერთი საუკეთესო გასტრონომიული სკოლაა მსოფლიოში, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული სტუდენტები განათლებას იღებენ და სწავლის დასრულების შემდეგ, გასტრონომიულ სფეროში გლობალურ ასპარეზზე წარმატებულად საქმიანობენ

bp.he


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.