ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გურჯაანში კახეთის მეფე კვირიკე III -ის საფლავს მიაკვლიეს
26 აგვისტო, 2017

საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების წევრი და რუსთავის საკრებულოს დეპუტატი ზვიად სეხნიაშვილი სოციალური ქსელით გურჯაანის სოფელ კალაურში აღმოჩენის შესახებ წერს.

მისი ინფორმაციით, ნათლიმცემლის გრანდიოზული სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის მარჯვენა ეკვდერის რესტავრაციისა და გაწმენდის პროცესში, რომელსაც მამა ილია (ჯანიაშვილი) ხელძღვანელობს, გუშინწინ, აღმოჩენილ იქნა XI საუკუნის საფლავი, სადაც წარწერის მიხედვით განისვენებს " რანთა და კახთა მეფე..."

ეკლესიის სამხრეთის მინაშენის საკურთხევლის აბსიდის წინ აღმოჩენილ საფლავზე, რომელიც ნათალი ქვითაა ნაშენი, ვრცელი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი, რომელშიც გარკვევით იხსენიება რანთა და კახთა მეფე კვირიკე. 

სააგენტოს სპეციალისტები დიდი ალბათობით ვარაუდობენ, რომ სამარხი, სწორედ კვირიკე დიდის განსასვენებელი უნდა იყოს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელოვნებათმცდოცდნის, გიორგი გაგოშიძის მიერ უკვე აღებულია სამარხის ეპიტაფიის ასლი, რომელსაც სხვა სპეციალისტებტან ერთად მომდევნო დღეების განმავლობაში დეტალურად შეისწავლიან. ახლო მომავალში კი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილ სამარხზე არქეოლოგიური მოკვლევის სამუშაოებს დაიწყებს, რაც ახალი აღმოჩენის ისტორიული მნიშვნელობას მეტ სიცხადეს შესძენს. 

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კალაურის ნათლისმცემლის სახელობის სამონასტრო კომლექსის ტერიტორიაზე სარესტავრაციო პროცესს 2015 წლიდან ახორციელებს. 

2 წლის განმავლობაში სარეაბილიტაციო სამუშაოები სააგენტოს დაფინანსებით წარიმართა. მიმდინარე წელს კი სარესტავრაციო პროცესზე, რომელიც კვლავაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს, ფინანსური მხარდაჭერის ვალდებულება ფონდმა „ქართუმ“ აიღო. 

რეაბილიტაციის სამუშაოებს, არქიტექტორ-რესტავრატორი თამაზ დვალი ხელმძღვანელობს, სარესტავრაციო პროცესი კი თამაზ დვალისა და არქიტექტორ ნოდარ მინდორაშვილის თანაავტორობით მომზადებული პროექტის მიხედვით ხორციელდება.

არქეოლოგების და სპეციალისტების დასკვნით სამარე წარმოადგენს კახეთ-ჰერეთის მეფის კვირიკე III - ის განსასვენებელს, რომელიც მეფობდა 1010-1037 წლებში. მისი მმართველობის დროს სამეფომ სახელმწიფოებრივ, ადმინისტრაციულ და სამხედრო ძლიერებას მიაღწია. კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. სამეფო დაყო ადმინისტრაციულ ერთეულებად - 7 საერისთავოდ (რუსთავის, კვეტერის, პანკისის, ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის და შტორის). სამეფოს დედაქალაქი გახდა თელავი. დაახლოებით 1027-1032 წწ. კვირიკე III-ის ინიციატივით მოეწყო კოალიციური ლაშქრობა განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ. მონაწილეობდნენ ქართლის ფეოდალები ლიპარიტ ბაღვაში და ივანე აბაზასძე, თბილისის ამირა ჯაფარი და სომეხთა მეფე დავითი. მდინარე ეკლეცზე საქართველოს ლაშქარმა ფადლონი დაამარცხა. დაახლოებით ამავე წლებში კვირიკე III-მ სძლია ოსთა მეფე ურდურეს, ბრძოლაში ურდურე მოკლეს. 1037 წელს კვირიკე III მონაწილეობდა ლიპარიტ ბაღვაშის მიერ თბილისის ამირის წინააღმდეგ მოწყობილ ლაშქრობაში. თბილისის ხანგრძლივი ალყის დროს კვირიკე III მოუკლავს ოს მონას "სისხლისათვის ოვსთა მეფისა ურდურესი" (ვახუშტი ბატონიშვილი).

  • კალაუბნის ნათლისმცემლის სამონასტრო კომლექსი 3 ეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს, რომელსაც დიდი სატრაპეზო და რამდენიმე დამხმარე ნაგებობა აქვს.

imedinews.ge

imedinews.ge




ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.