ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში გვარას ციხეზე 18 ქვევრი აღმოჩნდა. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ქვევრები XI საუკუნით თარიღდება.
სპეციალისტები ციხის ტერიტორიაზე რამდენიმე კვირაა მუშაობენ, შესწავლილია ციხის შიდა ტერიტორიის ძირითადი ნაწილი. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცნობით, ციხის გალავანში ჩართული კოშკის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა სხვადასხვა სახის კერემიკული ნაწარმი.
ექსპედიციაში სპეციალისტებთან ერთად ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობაც. არქეოლოგიური კვლევა-ძიების დასრულების შემდეგ გაირკვევა ციხის აგების თარიღიც.
ამ ეტაპზე, არსებული მასალების მიხედვით ირკვევა, რომ ციხე ფუნქციონირებდა X-XVIII საუკუნეებში.
ექსპედიცია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დაფინანსებითა და განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.
www.travelingeorgia.ge