ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის და ტურიზმის სექტორი – რუსეთის მიერ დაწესებული ნებისმიერი სანქცია თუ ბლოკადა, იქნება შესაძლებლობა, მოვიძიოთ ახალი ბაზრები
26 ივნისი, 2019

“რუსეთის მიერ დაწესებული ნებისმიერი ფორმის ეკონომიკური სანქცია თუ ბლოკადა, იქნება ახალი გამოწვევა, ახალი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ახალი ბაზრები მოვიძიოთ. საქართველოს კერძო სექტორმა ისეთი ბაზრებისკენ უნდა მიმართოს ენერგია, რომლებიც იქნება უფრო დახვეწილი, მომგებიანი და მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი საურთიერთოდ. განსხვავებით რუსეთისგან, რომელიც მუდმივად გვაშანტაჟებს და რისკის ქვეშ აყენეს როგორც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, ისე უსაფრთხოებას,“ — ასე აფასებს რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოში ავიაფრენების შეზღუდვასა და რუსი ტურისტების შემოსვლაზე დაწესებულ სანქციებს შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ია თაბაგარი.

როგორც თაბაგარი განმარტავს, რუსეთისგან შემოსულმა ტურიზმმა ერთის მხრივ მოიტანა საკმაოდ დიდი თანხები ქვეყნისთვის, მეორეს მხრივ ძალიან დაგვაზარალა.

„კორუფციაში ჩაგვითრიეს. მიჩვეულები არიან უწესრიგობას, ჩამოაქვთ ნაღდი ფული, არ ითხოვენ საბუთებს, ხდება მოქრთამვა, პირდაპირ გადახდები და დაზარალდა ტურიზმი. გარკვეულწილად დარგი გააფუჭეს. რუსეთის მოქალაქეებისადმი დაწესებული სავიზო რეჟიმი ცოტა დააფიქრდბთ. საქართველოს ხელისუფლება ცოტა ყურადღებით უნდა იყოს, რომ რუსებმა, რომლებიც აქ  გარკვეული საქმიანობით არიან დაკავებული, არ იპარპაშონ. რუსი ბიზნესმენები არ იხდიან გადასახადებს, არ არიან რეგისტრირებულები, თავისი თამაშის წესებზე გადაიყვანეს ქართული ტურიზმიც. ამიტომ, ბალტიისპირეთმა ამაზე ხმამაღლა განაცხადა უარი. მათთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი და ჩვენთვის რა გახდა? “— აღნიშნავს თაბაგარი.

ღვინის მწარმოებელი კომპანია „თელავის ღვინის მარანის“  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ რამაზაშვილიაცხადებს, რომ რუსეთი მხრიდან თუ ღვინის სექტორს მოჰყვა ემბარგო, ქვეყნისთვის ეს სერიოზული დარტყმა იქნება, რადგან ქართული ღვინის დაახლოებით 65%-ი რუსეთის ბაზარზე გადის. რაც შეეხება უშუალოდ „თელავის ღვინის მარანს“, ბიზნესმენის განმარტებით, კომპანიას  ბაზრები დივერსიფიცირებული აქვს  და რუსეთს საექსპორტო მიმართულების მხოლოდ 10%-ი უჭრავს. შესაბამისად, კომპანიისთვის რუსეთის მიერ შესაძლო ეკონომიკური ბლოკადა დამაზარალებელი არ იქნება.

მისივე განმარტებით, კომპანიის გაყიდვებში პირველ ადგილზეა ჩინეთი, შემდეგ მოდის პოლონეთი, უკრაინა და ა.შ.

„ასე რომ, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის. რუსეთმა და გაყიდვებში პირველ ადგილზე მყოფმა ჩინეთმაც რომ გამოგვიცხადოს ეკონომიკური ბლოკადა, მაინც გადავრჩებით,“— აღნიშნავს რამაზაშვილი.

კითხვაზე, იმ პირობებში, როდესაც ჩინეთმა ვენახების გაშენება და ღვინის წარმოება დაიწყო, ასევე თუ გავითვალისწინებთ რუსეთის მხრიდან ეკონმიკური ბლოკადის  თემასაც, როგორ აისახება ეს ქართული ღვინის გაყიდვებზე, რამაზაშვილი განმარტავს:

„მე არ ვიცი სად წავა ჩინეთის მომხმარებლის პრიორიტეტი – გადავა საკუთარ პროდუქტზე თუ მაინც იმპორტირებულს ამჯობინებს. ღვინო არ არის ჩინეთისთვის ისტორიული პროდუქტი, ის მისთვის ახალია. ჩინელი მომხმარებელი რამდენად ენდობა ახალ პროდუქტს და რამდენად აირჩევს  ძველ პროდუქტს, რომელიც ცნობილია, რომ იდეაში უკეთესი უნდა იყოს, არ ვიცი.  ჩინური მანქანა მერსედესს ვერ სჯობს. ამ შემთხვევაში ჩვენ მერსედესის პოზიციაში ვართ. შესაბამისად, ქართულ ღვინოს დიდი ხანი არ დაემუქრება ბაზრის დაკარგვის საფრთხე. რაც შეეხება რუსეთის მხრიდან ეკონომიკურ ბლოკადას და ჩვენზე გავლენას, საკმაოდ ბევრი კომპანიისთვის  რუსეთი მთავარი საექსპორტო ქვეყანაა.მეორეს მხრივ, თუ ქართულ ღვინოზე ემბარგო დააწესეს, ხალხთან ურთიერთობას ვინ შეზღუდავს? რუსებს ევროკავშირთანაც აქვს ემბარგო მაგრამ, რუსი ევროპის ქვეყნებში დადის ჩვეულებრივად. ასე რომ ეს ტურისტულ სეგმენტს არ დაარტყამს.  თუ ქართული ღვინო რუსეთში აიკრძალა, რუსი ტურისტების ნაკადი შეიძლება საქართველოში გაიზარდოს. საუბარია,  ქართული ღვინის მოყვარულთა ნაკადზე“, —აცხადეს რამაზაშვილი.

შეგახსენებთ, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლის ფარგლებში რუსეთის დუმის დეპუტატების თბილისიდან გაძევების გამო, რუსეთის პრეზიდენტმა საქართველო-რუსეთს შორის ავიამიმოსვლასა და ტურიზმს საბქციები დაუწესა.

Commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.