ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის დაცვიდან ღვინის დაწურვამდე - ირაკლი ღვალაძის საოჯახო მეურნეობა
24 იანვარი, 2018

ღვინის ფასი ნამდვილად კარგად იცის. წლების განმავლობაში, მაშინ როდესაც „საქპატენტის“ ხელმძღვანელი იყო თავად იდგა ქართული ადგილწარმოშობის ღვინის დაცვის სადარაჯოზე. სხვა უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად არაერთხელ მოუგია დაწყებული პროცესი და ფალსიფიცირებული ქართული ღვინოც უცხოეთის ბაზრიდან გამქრალა.

ირაკლი ღვალაძე ახლა უკვე ეროვნულ მუზეუმში მუშაობს, ლექციებსაც კითხულობს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. ამავდროულად საკუთარი დაწურული ღვინით ამაყობს. ამბობს, რომ მოსავალი მცირეა, ჯერ მხოლოდ 100 ბოთლი ღვინის ჩამოსხმა შეძლო, თუმცა მომავალში რაოდენობის ზრდას გეგმავს.

საოჯახო მეურნეობა ჭიათურაში სოფელ ცხრუკვეთში აქვს. ცხრუკვეთში სახლი ძირძველია, თავისი ვენახით და მარნით, მარანი ტრადიციული საწნახელითა და ჭურებით, კიდევ ბევრი სხვა ატრიბუტიკით...

ცხრუკვეთში კიდევ წარსულთან სიახლოვე და მომავლის გეგმებია...

ირაკლი ტრადიციულად ძველ ვენახებს, ტრადიციული ჯიშის ძელშავს უვლის, ახალი ჯიშიც პინო გააშენა. მცირედი მოსავალი წელს უკვე მიიღო, თუმცა ჯერ კიდევ მოლოდინშია როგორ გაამართლებს და რა შედეგს მიიღებს.

მომავლისთვის სულაც არ გამორიცხავს საოჯახო მეურნეობას უფრო მეტი დატვირთვა შესძინოს. კითხვაზე ხომ არ აპირებს ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, ამბობს, რომ გამორიცხული არ არის, თანაც ირგვლივ ბევრი საინტერესო ადგილია და ტურისტების მოსაზიდად ადგილი ნამდვილად შესაფერისია.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.