ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის ინდუსტრია კრიზისის მოლოდინში
14 მარტი, 2022

საქართველო უკვე წლებია აქტიურად ცდილობს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას, თუმცა ამის მიუხედავად, ტრადიციულ ბაზრებს უკრაინას, რუსეთს და ბელარუსს ექსპორტში მაინც ძალიან დიდი წილი უჭირავს. 2021 წლის მონაცემებით, ამ სამ ქვეყანაზე ღვინის ექსპორტის 75% მოდიოდა. საომარი ვითარებისა და სანქციების გამო ახლა ეს ბაზრები დახურულია.

მეღვინეები ამბობენ, რომ რუსეთთან და ბელორუსთან კონტაქტი შეწყვეტილია და არ განიხილავენ ახალ შეკვეთებს, რიგ შემთხვევებში, ისიც კი გაურკვეველია, როგორ მოხდება ძველი დავალიანების მიღება.

ქართველი მეღვინეეები კრიზისს გარდაუვალს უწოდებენ და ვარაუდობენ, რომ რუსეთ-უკრანის ომის გამო ასობით ათასი ბოთლი ღვინო ამ ქვეყნების დახლამდე ვერ მიაღწევს და მილიონობით დოლარის შემოსავალი დაიკარგება. ეს თავისთავად ნიშნავს, რომ 2022 წლის რთველზე კომპანიები შეიძენენ ნაკლები მოცულობის ყურძენს. ამ ფონზე სავარაუდოა, რომ სახელმწიფო რთველის სუბსიდირებას გვერდს ვერ აუვლის.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ ქართველი მეღვინეები პირველ რიგში მხარდაჭერას გამოხატავენ უკრაინის მიმართ და მხოლოდ ამის შემდგ განიხილავენ იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც სექტორი დადგა. 

კორპორაცია „ქინძმარაულის“ გენერალური დირექტორი ნუგზარ ქსოვრელი: პრობლემებია უკვე გატანილი პროდუქციის თანხების გადმორიცხვაზე. რუსეთის ბანკები გათიშულია SFIFT-იდან, ეს დოლარში ანგარიშწორებას აფერხებს და მეეჭვება, რომელიმე კომპანია რუბლში ვაჭრობას დათანხმდეს.  

უკვე მხოლოდ დარგზე აღარააა საუბარი, საქმე ეხება იმ ადამიანებსა და გლეხებს, ვინც ვენახში მუშაობს და ყურძენს ყიდის. სავარაუდოდ, ზარალი მიადგება არა მხოლოდ მწარმოებლებს, არამედ მევენახეებსაც. მეღვინეებს პროგოზების გაკეთება უჭირთ, ვერ საუბრობენ კონკრეტულ სტრატეგიაზე. გამოსავალი შეიძლება ბაზრების მეტად დივერსიფიცირება ან უკვე არსებულ ბაზრებზე გაზრდილი მოცულობებით შესვლა იყოს, თუმცა აქაც არის გამოწვევა. ბაზრები არა მხოლოდ ქართული კომპანიებისთვის იხურება, არამედ სხვა მწარმოებლებისთვისაც. ჭარბმა მიწოდებამ, შესაძლოა, ფასების კლება გამოიწვიოს. კომპანიებს, რომელთა ექსპორტში დიდი წილი რუსეთზე მოდის, ალტერნატიული ბაზრების მოძიება, ცხადია, მეტად გაუჭირდებათ. ისინი ერთადერთ გამოსავლად გადახდის მექანიზმების ცვლილებას ასახელებენ.  

წარმოიდგინეთ რა მოხდება, როცა, ღვინოები, რომლებიც უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსიის ბაზარზე უნდა გასულიყო, შემოტრიალდება და გააჯერებს ყველა ხელმისწავდომ ბაზარს. ეს გამოიწვევს ფასის კლებას და მოგების შემცირებას. აქედან გამოსვლაც ძალიან ძნელი იქნება. თუ ერთხელ გაჩნდა პრეცენდენტი, რომ ქართული ღვინო იაფი ღვინოების კატეგორიაში მოხვდა - ეს უკვე რეპუტაციული საფრთხეა და ამის შეცვლა ძალიან გაგვიჭირდება.  

„თელავის ღვინის მარნის" დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი: მოლაპარაკებები რუსეთთან შეჩერებული გვაქვს, ჩვენს იმპორტიორ კომპანიას შესაბამისი სახხსრები უნდა გააჩნდეს, რომ ღვინის შესყიდვა შეძლოს. რუბლის გაუფასურების გამო პროდუქციის ღირებულება ამ ეტაპზე თითქმის გაუორმაგდათ, შესაბამისად, საკმაოდ დიდი თანხების მობილიზება მოუწევთ.

შედეგად არარეალიზებული ღვინოების სახით ჩვენ დაგვრჩება აქტივი, რომელიც ვერ ვაქციეთ შემოსავლად. ამის კომპენსირებას ვეცდებით შემდგომ რთველზე - ზედმეტი ღვინის საპირწოდნედ აღარ მივიღებთ დამატებითი ყურძნის რაოდენობას. ოღონდ ეს ყველაფერი უკვე იმ ადამიანებს შეუქმნის პრობლემას, რომლებსაც ყურძენი მოჰყავთ და ამ ბაზრებზე დიდად არიან დამოკიდებული.

ძალიან ძნელია უცებ ალტერნატიული ბაზრების მოძიება. თან, არ დაგავიწყდეთ, იგივე სიტუაციაშია დასავლეთის მეღვინეები, ისინიც ამ პრობლემის წინაშე არიან. ბევრი ზედმეტი და გაუყიდავი პროდუქცია იქნება ყველა ბაზარზე და არ უნდა გვქონდეს იმედი, რომ ქართულ ღვინოს დაიტაცებენ.

კომპანია Bolero & Co-ს გენერალური დირექტორი ირაკლი ბექაური: ალტერნატიული ბაზრების მოძიებაზე, ცხადია, ვფიქრობთ. ეს ჩვენს დღის წესრიგში გუშინ და გუშინწინ არ დამდგარა. გვიწევს ამ კუთხით ძალიან დატვირთული მუშაობა, თუმცა შედეგს ეს ხვალ ვერრ მოიტანს, ეს ათწლეულების პერსპექტივაა. უახლოეს მომავალში კი რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულება მაინც დიდი იქნება. ამ მოცემულობაში რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადახდის ახალი მექანიზმი შევიმუშაოთ.

პრობლემები ამით არ სრულდება. ღვინის ბოთლის ტარას და შესაფუთად საჭირო მასალებს საქართველო რუსეთიდან და უკრაინიდან იღებდა. მინის ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის დაკმაყოფილებას ვერ ახერხებს. ალტერნატივა სომხეთია, რომელიც ნაკლები კონკურენციის პირობებში, სავარაუდოდ, პროდუქციას გააძვირებს.

ფოტო: AdobeStock

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.