ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ღვინის კომპანია, სახელწოდებით ,,-20 % “ – როგორ გააპროტესტა საქართველოს ოკუპაცია 24 წლის ქართველმა ბიჭმა
01 მარტი, 2019

გორის რაიონში, სოფელ დიცში წარმოებული ღვინო, სახელწოდებით ,,- 20% “, მალე საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიყიდება. კომპანია 24 წლის ნიკოლოზ მარკოზაშვილმა დააფუძნა, რომელიც წამოშობით სოფელ დიციდანაა. სოფელი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონს ესაზღვრება. 

როგორც ნიკოლოზ მარკოზაშვილმა Bm.ge-ს განუცხადა, ამ ფორმით ის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას აპროტესტებს და ცდილობს, რომ ამის შესახებ მსოფლიოში, რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გაიგოს. 

,, წარმოშობით სოფელ დიციდან ვარ, რომელზეც გადის გამყოფი ხაზი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიასთან. ამ სოფელში მაქვს სახლი, საოჯახო მარანი და პაპისეული ვენახი. გამიჩნდა იდეა დამემზადებინა ღვინო, რომლის სახელწოდებაც საქართველოს ოკუპაციას გააპროტესტებდა და ამას საინფორმაცია კამპანიის სახე ექნებოდა. ეტიკეტზე დავიტანდით ინფორმაციას, რომ საქართველოს ტერიტორიის 20% – კერძოდ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, რუსეთის მიერაა ოკუპირებული“ – განაცხადა ნიკოლოზ მარკოზაშვილმა. 

იდეა მალე რეალობად იქცა და 2017 წლის მოსავლის ღვინო, ბოთლებში ჩამოასხეს. ღვინო ადგილობრივი ჯიშების – გორული მწვანესა და ჩინურის კუპაჟითაა დამზადებული. 

“გასულ წელს ჩამოვასხი საცდელი პარტია. ეტიკეტზე ქართულ და ინგლისურ ენებზე მოკლე ინფორმაციაა განთავსებული საქართველოს ოკუპაციის შესახებ, ასევე ილუსტრირებულია დევნილთა მხატვრული სილუეტებით, რაც პერიოდულად შიცვლება ოკუპაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატიკით, ანუ ეს იქნება: მცოცავი ოკუპაცია, გატაცება, დევნილები და ა.შ. ღვინო საჩუქრად გადავეცი რამდენიმე ადამიანს. უმეტესობამ საზღვარგარეთ წაიღო და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. 

დამიკავშირდნენ საფრანგეთიდან, ქართველი ემიგრანტების ასოციაციიდან და მთხოვეს სასინჯად რამდენიმე ბოთლი მათთვისაც გამეგზავნა. მითხრეს, რომ დამეხმარებოდნენ პოტენციური მომხმარებლების მოძიებაში, მათ შორის იმაშიც, რომ ღვინო ადგილობრივ რესტორნებშიც მოხვედრილიყო. საკმაოდ დიდი ინტერესი და მოთხოვნა დაფიქსირდა, სწორედ ამის შემდეგ გადავწყვიტე ამ საქმისთვის ხელი უფრო სერიოზულად მომეკიდა“ – განმარტა ნიკოლოზ მარკოზაშვილმა. 

როგორც ახალგაზრდა ბიზნესმენი აცხადებს, ღვინოს მორიგ პარტიას გაზაფხულზე ჩამოასხამენ. 

,, ღვინო ტრადიციული წესით მზადდება და ამჟამად ის დაღვინების პროცესს გადის. რაც შეეხება წარმოების პროცესს-ყურძენს საწნახელში ვწურავთ, შემდეგ ის მუხის კასრებში გადაგვაქვს და გაზაფხულზე, როდესაც დუღილს საბოლოოდ დაასრულებს, ბოთლებში ჩამოვასხამთ. პირველ ეტაპზე პროდუქცია ადგილობრივ ბაზარზე- ღვინის მაღაზიებსა და ბარებში გაიყიდება. მომავალი წლიდან ექსპორტსაც ვგეგმავთ, უკვე გვყავს პოტენციური მყიდველები უკრაინიდან და საფრანგეთიდან. ამისთვის კი წარმოების გაზრდა აუცილებელია. ვაპირებ ნედლეული ადგილობრივი გლეხებისგან შევიძინო, ამით ომისგან დაზარალებულ სოფელ დიცის მოსახლეობასაც წავეხმარები, რომ მათი ეკონომიკური მდგომარეობა თუნდაც მცირედით გაუმჯობესდეს “ – აცხადებს ახალგაზრდა მეწარმე. 

წელს ნიკოლოზი დაახლოებით 1000 ბოთლ ღვინოს ჩამოასხამს, მომავალი წლიდან კი ეს მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზრდება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.