გლობალურ ბაზრებზე ქართული ღვინის მარკეტინგი პანდემიურ პერიოდშიც აქტიურად გრძელდება. მეწარმეების განცხადებით, მსხვილი ბიზნესის პარალელურად გლობალურ ბაზრებზე გამართულ გამოფენებსა და ფესტივალებში აქტიურად მონაწილეობენ მცირე მარნებიც, რაშიც მათ ღვინის ეროვნული სააგენტო ეხმარება.
როგორც ,,ნიკალას მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ მღვდლიაშვილი ,,კომერსანტთან“ განმარტავს, საჭირო, რომ სწორად მოხდეს ღვინის რეკლამირება, რაც მას უფრო მეტად გაუთქვამს სახელს მთელ მსოფლიოში. ამისთვის, როგორც მღვდლიაშვილი ამბობს, მცირე მარნებს სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვთ და ფაქტობრივად მუდმივად ისმის ქართული ღვინოს პროპაგანდა, რასაც რეგულარული ხასიათი ჰქონდა ბოლო პერიოდშიც, მიუხედავად იმისა, რომ პანდემია გარკვეულ დაბრკოლებას ქმნიდა.
,,ღვინის ეროვნული სააგენტო მცირე მარნებს ხელს უწყობს, რომ მონაწილეობა მიიღონ გლობალურ გამოფენებში. ამ მიმართულებით ღონისძიებები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად ხორციელდება. ამით შესაძლებელია არა მხოლოდ კონკრეტული მარნის ,,პრომოუშენი, არამედ მთლიანად ქართული ღვინის პოპულარიზაცია. წლების განმავლობაში გრძელდება ეს დახმარება, როგორიცაა ძირითადად გამოფენებზე მონაწილეობის თანადაფინანსება და ღვინის გაგზავნა საერთაშორისო ღონისძიებებზე. ვფიქრობთ, რომ ეს არის ყველაზე სწორი ფორმა, რაც მეღვინეობის დარგს აძლიერებს. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს მარნები ქმნიან წლების განმავლობაში ქართული ღვინის სახელს მსოფლიოს ყველაზე რთულად შესაღწევ ბაზრებში (არა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში), სადაც ჰყიდიან ქართულ ღვინოს კონკურენტუნარიან ფასად ამ ქვეყნების საუკეთესო რესტორნებში. ამას მოწმობს სხვადასხვა პერიოდში საქართველოს მცირე მარნებზე გამოქვეყნებული სტატიები ყველაზე ცნობილ გამოცემებში. ჩემი აზრით, ასეთი მარნები წარმოადგენენ ქართული ღვინის მომავალს, რაშიც ბევრი ადამიანის შრომა და რესურსია ჩადებული, განსაკუთრებით მათი ვინც ყველაზე ადრე დაიწყო ასეთ ბაზრებზე გასვლა. ცხადია, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ამ გზის გავლა საკმაოდ რთული იქნებოდა“, - აცხადებს ზურაბ მღვდლიაშვილი.
როგორც მეწარმე განმარტავს, კომპანია ნატურალური ღვინოს მწარმოებელია. წარმოება ყოველწლიურად მატულობს, კონკრეტულად რა მაჩვენებლით, ჯერჯერობით მღვდლიაშვილი არ აკონკრეტებს, თუმცა აცხადებს, რომ ტენდენცია აშკარად პოზიტიურია.
commersant.ge