ღვინის მუზეუმი „ქვევრის“ პროექტს თბილისის მერიაში არსებული ბიუროკრატია პრობლემებს უქმნის
ღვინის მუზეუმის „ქვევრის“ მშენებლობა თბილისის მერიის უმოქმედობის გამო ვერ იწყება. როგორც „კომერსანტს“ პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა განუცხადა, 2018 წლის შემდეგ, ანუ რაც თბილისის მერიაში ადგილის შესარჩევად განაცხადი შეიტანა, პასუხი არ მიუღია.
„ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, მე ვერაფერს ვაკეთებ. მიუხედავად იმისა, რომ პროექტმა საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა, მერიის მხრიდან აბსოლუტური იგნორი დავიმსახურეთ. ყველას მივმართე, მაგრამ რეაქცია არავის ჰქონდა. ყველას ველაპარაკე, მომისმინეს, თუმცა, რეალური დაინტერესება არ ყოფილა. ვიფიქრე, თბილისში თუ არა, რაჭაში უნდათ რეგიონის განვითარება, აპირებენ ხვანჭკარის მუზეუმის გაკეთებას და მათთვის შემეთავაზებინა აღნიშნული პროექტი, თუმცა, აზრი არ აქვს,“-აცხადებს ჩადუნელი.
მისივე განმარტებით, პროექტზე უარი თქვა ინვესტორმაც. მიზეზი კი მერიაში პროექტის დამტკიცების და მისი ადგილის შერჩევის გაჭიანურება აღმოჩნდა.
როგორც ჩადუნელი აცხადებს, ვიდრე სახელმწიფო ნება არ იქნება, ეს პროექტი ვერ განხორციელდება. ეს არის ღვინის მუზეუმი, რომელიც საქართველოს სახე უნდა გამხდარიყო. მისი განმარტებით, ასევე სამწუხაროა ის, რომ ჩვენს ქვეყანაში იდეა არ პატენტდება, ამიტომ, დაცვის არანაირი ბერკეტი არ არსებობს.
ღვინის მუზეუმის პროექტი ზუსტი ადგილმდებარეობის გარკვევის მოლოდინში ბოლო ერთი წელია. როგორც „კომერსანტს“ პროექტის ხელმძღვანელმა მაია ჩადუნელმა 2018 წლის სექტემბერში განუცხადა, მერიაში მრავალი ბიუროკრატიული საფეხურის გავლის შემდეგ, საბოლოოდ ის კვლავ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში აღმოჩნდა.
ღვინის მუზეუმის პროექტის მშენებლობაში დაახლოებით 4 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. მისი მშენებლობა 800 კვადრატულ მეტრზე უნდა მომხდარიყო.
ღვინის მუზეუმი „ქვევრი“ 4 სართულს მოიცავს და რამდენიმე ნაწილად დაიყოფა: მინუს სართულზე ქართული მარანი, მულტიმედიური სივრცე და ინსტალაციები. პირველ სართულზე სადეგუსტაციო დარბაზი ,ღვინის სალონი და მაღაზია. მეორე სართულზე მასტერ-კლასების სივრცე, ქართული პროდუქტი, სუვენირები და კაფე. ხოლო მეოთხე სართულზე რესტორანი აუთენტური და ტრადიციული სამზარეულო.
სივრცეს ქვევრის ფორმა ახალგაზრდა არქიტექტორმა დავით გოგობერიშვილმა მისცა, რომელმაც ღვინის მუზეუმის პროექტი რამდენიმე წლის წინ შექმნა.
commersant.ge