საქართველოს ჩინეთიდან ღვინის იმპორტიორები სტუმრობენ.
ტურის ფარგლებში ღვინის სააგენტოს კონტრაქტორი Meiburg Wine Media-ს ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა დებრა მეიბურგმა და 8-კაციანი ჯგუფმა ქართლსა და კახეთში ღვინის საწარმოები „შატო მუხრანი“, „იაგოს ღვინო“, „თელედა/ორგო“, „მეღვინეობა შუმი“, „მეღვინეობა ვაზიანი“, „კახური ღვინის მარანი“, GWS, „თელიანი ველი“, „მეგობრების მარანი“, „ფაფარი ველი“, „ბადაგონი“, „ხოხბის ცრემლები“, „ვაზისუბნის მამულები“ და “მეღვინეობა ლუკასი“ დაათვალიერეს.
მეთუნე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების პროცესს.
სტუმრებმა თბილისში სხვადასხვა 27 ღვინის კომპანიის 100-მდე ღვინო დააგემოვნეს.
„მსგავსი აქტივობების განხორციელება ძალიან წარმატებულია. მაგალითად, ქართულმა ღვინომ 18-ე ადგილიდან 9-ე ადგილზე გადმოინაცვლა ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩინეთის ბაზარზე. ჩვენ ყველა აღფრთოვანებულები ვართ ქართული ღვინის ამ წარმატებით აზიურ ბაზარზე. ამჯერად ჩვენი ამოცანაა უზრუნველყოთ ქართული ღვინის პოპულარიზაცია არა მარტო ღვინის იმპორტიორებში, არამედ მის მომხმარებლებშიც. ასე, რომ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ, რათა მეტი მომხმარებლის ყურადღება შევაჩეროთ ქართულ ღვინოზე“ - აღნიშნა დებრა მეიბრუგმა.
ჩინეთი ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მესამე ადგილს იკავებს. მიმდინარე წლის 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ჩინეთში 4 მლნ-ზე მეტი ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული.
www.travelingeorgia.ge