2019 წლიდან, თბილისის მერიის ინიციატივითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესსექტორისთვის ბიზნესაქსელერატორი, სახელწოდებით – „სპარკი“ ამოქმედდა. ბიზნესაქსელერატორ “სპარკის” პროექტის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებულ პირს ან კომპანიას თუ გააჩნია იდეა ან სურს განვითარება, შეუძლია დარეგისტრირდეს www.spark.gov.ge -ზე. პროექტის ერთ-ერთი ბენეფიციარია სტარტაპი WinGo tours-ი, რომლის დამფუძნებელს სოფო ბაბლუანს bm.ge ესაუბრა.
ქალბატონო სოფო, პირველ რიგში, მოგვიყევით WinGo tours-ის შესახებ – როდის და რატომ გაჩნდა ამ კომპანიის შექმნის იდეა?
ხუთი წელი აქტიურად ვიყავი ჩართული ტურისტულ ბიზნესში და საკმაოდ გარკვეული ვარ ამ სფეროში; ვიცი, რა სურვილები აქვთ ტურისტებს. აგრეთვე იმ ფაქტმა, რომ გორის მახლობლად 8 000 წლის ქვევრი აღმოაჩინეს, განაპირობა ამ ბიზნესის წამოწყების იდეა. WinGo tours-ის დამფუძნებლები მე და ჩემი მეუღლე ვართ, სადაც ტურისტებს ინოვაციურ სერვისს ვთავაზობთ. ეს გახლავთ ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტი. გვინდოდა, რაღაც ახალი სიტყვა გვეთქვა ამ სფეროში და გადავწყვიტეთ, პროექტის შექმნა, რომელსაც ანალოგი არ ექნებოდა. ეს იდეა გვეკუთვნის ჩვენ და დავაპეტენტეთ კიდეც.
როგორ მუშაობს ინოვაციური სერვისი და როგორ ხდება თქვენთან დაკავშირება?
ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტის დახმარებით, WinGo tours-ი ჩამოსულ სტუმრებს, თბილისის მასშტაბით, ქართული ღვინის დაგემოვნებას სთავაზობს. პარალელურ რეჟიმში, ჩვენი გიდი სხვადასხვა თამაშების დახმარებით ისტორიასა და ქართულ ტრადიციებს აცნობს მათ. გვაქვს ონლაინ დაჯავშნის პლატფორმები, აგრეთვე ჩვენ შესახებ ინფორმაცია განთავსებულია სხვა ვებგვერდებზე, რომლებიც ტურების დისტრიბუციას ეწევიან; WinGo tours-ი ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებშიც…
რამდენი ხანია, რაც WinGo tours-ი დააფუძნეთ და რა იყო პირველადი ინვესტიცია, რაც ამ ბიზნესის განხორციელებისთვის დაგჭირდათ?
ექვსი თვეა, რაც ეს კომპანია დავაფუძნეთ და ტურისტებისათვის აღნიშნული სერვისი დავნერგეთ. პირველადი ინვესტიციის მოდულობა 40 ათას ლარს შეადგენდა. თავიდან იყო სტარტაპი, რომელიც ძალიან მალე საკმაოდ ნორმალური შემოსავლის მქონე ბიზნესად იქცა.
როგორ გაიგეთ, „ბიზნესაქსელერატორის“ შესახებ პირველად? როგორ მოხდა თქვენი დაკავშირება და რაში დაგეხმარათ აღნიშნული პროექტი?
რადგან ჩვენ საქმიანობას თბილისში ვეწევით, თვალყურს ვადევნებთ აქტივობებს, მათ შორის თბილისის მერიისა და სხვადასხვა უწყებების განცხადებებს, მედიას. სხვათაშორის, პირველად ბიზნესაქსელერატორ „სპარკის“ შესახებ bm.ge-ის სტატიიდან გავიგეთ და ველოდებოდით პროექტის დაწყებას. თავიდანვე, ჩვენსა და „სპარკს“ შორის კარგი კომუნიკაცია შედგა. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ასეთი სეგმენტი გაჩნდა. აქ სულ ცდილობენ დაგეხმარონ. ძალიან ბევრი სასარგებლო ტრენინგი, მასტერკლასი, შეხვედრა გვქონდა. ჩვენ ბიზნესაქსელერატორის აპლიკაცია ორი თვის წინ შევავსეთ. სწორი მარკეტინგული პრიორიტეტების განსაზღვრისთვის, აგრეთვე ბიზნესის წარმოებისა და დაგეგმვის შესახებ „სპარკისგან“ სასარგებლო რჩევები და კონსულტაციები მივიღეთ და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი მხარდაჭერა პატარა კომპანიებისთვის, მცირე მეწარმეებისთვის. სტარტაპები ციცინათელებს ჰგვანან, რომლებიც შეიძლება ერთი თვის შემდეგ აღარ არსებობდნენ. აქსელერატორის დახმარებით, ნებისმიერი მეწარმე თავის თავს შანს აძლევს, რომ 5 წლიანი სამოქმედო და საარსებო გეგმა ჰქონდეთ, მეტად განვითარდნენ და გაიზარდონ.
როგორია WinGo tours-ის სამომავლო გეგმები?
ჩვენმა ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტმა, ტურიზმში ჩართული ადამიანების დიდი ინტერესი დაიმსახურა. მათ სურვილი აქვთ, ჩვენგან ფრანჩიზა შეიძინონ და სხვადასხვა ქვეყნებში განახორციელონ მსგავსი სერვისი, თუმცა WinGo tours-ი უახლოეს მომავალში, თავად ფიქრობს ამ სერვისის დისტრიბუცია საზღვარგარეთ გააკეთოს, მანამდე კი, კომპანია კიდევ ერთი ღვინის სადეგუსტაციო ტრანსპორტის შეძენას გეგმავს, რომელიც ლოკალურად კახეთში იქნება. WinGo tours-ს სურს ტურისტებს აჩვენოს, რომ საქართველო არ არის მხოლოდ სიძველე და წარსული, არამედ არის ძალიან კარგი, პერსპექტიული მომავლის მქონე ქვეყანა.