ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
გზა, დენი, გაზი - პრობლემები, რის გამოც მესტია 12–თვიანი კურორტი არ არის
27 სექტემბერი, 2021

საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ რეგიონში, სვანეთში ტურისტული სეზონი დასრულდა. მესტიაში, სადაც წელიწადის ყველა დრო გამორჩეულად ლამაზია, ახლა მზადებას ზამთრის სეზონისთვის იწყებენ, თუმცა მანამდე „კომერსანტი“ მოგიყვებათ, თუ როგორ ჩაიარა პანდემიურმა ზაფხულმა მაღალმთიან რეგიონში.

მიმდინარე წელს სტუმრები პირველად მიიღო „გისტოლამ“. პრემიუმ კლასის სასტუმრო, რომელიც ბიზნესმენმა ირაკლი გურჩიანმა გახსნა, 40%-იანი დატვირთვით მუშაობდა. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ პრეზიდენტი გვიყვება, რომ  4–ვარსკვლავიანი სასტუმრო ყველა დამსვენებელს მოსწონს. მას იმედი აქვს, რომ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის შემდეგ სასტუმრო  სრული დატვირთვით იმუშავებს.

„პანდემიის გამო დატვირთვა ძალიან დაბალი იყო, შეიძლება ითქვას, რომ მაისი-ივნისი საერთოდ არ გვიმუშავია, ხოლო ივლისსა და აგვისტოში ძირითადად  ადგილობრივი ტურისტები იყვნენ და ალბათ სასტუმრო 40%-იანი დატვირთვით მუშაობდა. მესტია მზად იყო ტურისტული სეზონისთვის, მაგრამ ტურისტები არ აღმოჩნდნენ მზად ჩამოსასვლელად. აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ყველას ძალიან მოსწონს. ვფიქრობ, რომ თუ პანდემია დამთავრდება, სასტუმრო სრულად დაიტვირთება, ამ პირობებში მუშაობა კი ძალიან ძნელია. „გისტოლა“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის სასტუმროა მესტიაში, მაღალმხარჯველობით ტურისტების მისაღებად სვანეთს ასეთი სასტუმრო სჭირდებოდა“, - უთხრა „კომერსანტს“ ირაკლი გურჩიანმა.

ბიზნესმენი იმ პრობლემებზე გვიყვება, რომელიც დღეს ქვეყნის ყველაზე პოპულარული კურორტის განვითარებას აფერხებს. ირაკლი გურჩიანის თქმით, ერთ-ერთი ასეთი საკითხი მესტიამდე მისასვლელი გზაა. იგი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას არ აქვს კეთილი ნება, რომ ეს პრობლემა მოაგვაროს. მისივე განცხადებით, უკვე გამზადებული პროექტი წლებია თაროზეა შემოდებული.

„სვანეთს შეუძლია გახდეს კურშაველი, ამისთვის კი სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ორი რამაა საჭიროა. პირველი – ეს არის ქუთაისიდან მესტიამდე 5-8 კილომეტრიანი გვირაბი, რომლის პროექტი მზად არის და სახელმწიფო პრემიერ კვირიკაშვილის დროს ფული გადაიხადა, მაგრამ ახლა თაროზე აქვთ შემოდებული. გვირაბს მოჰყვება გაზი, წარმოუდგენელია ზამთრის კურორტი გაზის გარეშე. ეს შეუწყობს ხელს როგორც ბიზნესის განვითარებას ასევე, ტყის ჩეხვას შეაჩერებს. პროექტი რკინიგზის გაყვანასაც გულისხმობდა, ეს ყველაფერი თუ გაკეთდება, სახელმწიფოს ინვესტიცია აღარაფერში იქნება საჭირო – ყველაფერს ბიზნესი გააკეთებს. მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი? ეს არის 2-3 კაცის მიერ გაჩერებული, იმ ადამიანების მიერ, ვისაც ხელისუფლებაზე შეუძლია ზეწოლა მოახდინოს. მათ არ სჭირდებათ ტურისტული სვანეთი, მათ ეს რეგიონი ჰესებისთვის და ოქროს წარმოებისთვის სჭირდებათ. ოქროთი და ჰესებით მხოლოდ ისინი მდიდრდებიან, ტურიზმით კი მთელი საქართველო მდიდრდება. სანამ ეს მეჯღანუაშვილები არ მოშორდებიან ხელისუფლებას, მანამდე არაფერი გვეშველება. მეორე რამ, რაც სვანეთს და მესტიას სჭირდება, ეს არის ფრენების ინტენსივობის გაზრდა. ამის შემდეგ სვანეთი 12–თვიანი ტურისტული კურორტი იქნება. ეს ინფრასტრუქტურული პროექტი სახელმწიფომ აუცილებლად უნდა განახორციელოს, ყველაფერს ბიზნესი ვერ გააკეთებს“, – გვიყვება ბიზნესმენი.

წინა წლებთან შედარებით დატვირთვა საგრძნობლად შეუმცირდა სასტუმრო „სვანეთს“. მისი დამფუძნებელი ნინო ჯაფარიძე ამბობს, რომ ბიზნესი იმ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა, როდესაც ოპერირება დაიწყო:

„სასტუმრო ივნისიდან მუშაობს, მაგრამ წინა წლებთან შედარებით დატვირთვა რა თქმა უნდა ძალიან დაბალი იყო, 2019 წლის მაჩვენებელს რომ შევადაროთ, ალბათ 20%-იანი დატვირთვით ვმუშაობდით. ძირითადად ადგილობრივი, დაბალბიუჯეტიანი სტუმრები იყვნენ. ამის გამო ფასები დაახლოებით 60%-ით შევამცირეთ. უცხოელი ტურისტები ძირითადად ევროპიდან იყვნენ, აზიიდან ნაკლებად, ჯგუფები ფაქტობრივად საერთოდ არ იყვნენ. წინა წელს შემოსავალი საერთოდ არ გვქონია, როგორ გავიტანეთ თავი, არ ვიცი, ახლა კი სასტუმროს შემოსავალი მინიმალური იყო. ძირითადად ოჯახის წევრებმა ვიმუშავეთ, სტაფის აყვანა ვერ შევძელით, ანუ იმ ძველ ნიშნულს დავუბრუნდით, როდესაც ოპერირებას ვიწყებდით“, - განაცხადა ნინო ჯაფარიძე.

მესტიამდე მისასვლელი გზა, არასტაბილური ელექტრომომარაგება, ბუნებრივი აირის არარსებობა ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომელზეც სასტუმრო „სვანეთის“ დამფუძნებელი „კომერსანტთან“ საუბრობს. ნინო ჯაფარიძის თქმით, თუ სახელმწიფო სვანეთში ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს, დაბაში ყველაზე ხანგრძლივი ტურისტული სეზონი იქნება.

„სვანეთს გამართული ინფრასტრუქტურა სჭირდება, ელექტროენერგიის და წყლის მომარაგება არის უმნიშვნელოვანესი, ასევე მთავარია შიდა გზების მოწესრიგებაც. მესტიაში ინტენსიურად იზრდება სასტუმროების რაოდენობა სწორედ ამიტომ მუდმივად წყლის პრობლემა დგას. როდესაც წყლის მომარაგება არაა მოწესრიგებულია, ცოტა უტოპიურია გაზის შემოყვანაზე საუბარი. თუ ეს ყველაფერი მოწესრიგდება, წინ არაფერი უდგას იმას, რომ სვანეთი ყველაზე პოპულარული კურორტი გახდეს, სადაც ყველაზე ხანგძლივი ტურისტული სეზონი იქნება“, - აცხადებს ნინო ჯაფარიძე.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.