ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჰაწვალის ულტრათანამედროვე საბაგიროს მშენებლობაში ₾34 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდება
26 აგვისტო, 2021

ჰაწვალის ულტრათანამედროვე საბაგიროს მშენებლობაში ₾34 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდება, - ნათია თურნავა ამბობს, რომ საბაგირო ძალიან სწრაფი ტემპით უნდა აშენდეს.

მინისტრის თქმით, სვანეთს უდიდესი შენატანი აქვს ქვეყნის ეკონომიკაში.

„მიუხედავად იმისა, რომ ვებრძვით ამ უხილავ მტერს პანდემიას და ჯერ არ ჩანს ბოლო,  ვახერხებთ, რომ დაბალანსებული პოლიტიკით არა თუ არ დავხუროთ და შევზღუდოთ ეკონომიკა, არამედ ამ პირობებში მივაღწიოთ რეგიონში და მსოფლიოში უპრეცედენტო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას. რას ნიშნავს ეს თქვენთვის - თქვენთვის ეს ნიშნავს, რომ თუნდაც პანდემიის პირობებში, როდესაც გლობალურად ტურიზმი არის შესუსტებული, ტარდება ზაფხულის სეზონი. რა თქმა უნდა, ეს არ არის 2019 წელი, როდესაც თქვენ უმასპინძლეთ სულ მცირე 150 ათას უცხოელ ვიზიტორს და სვანეთი იყო ერთ-ერთი ნომერი პირველი რეგიონი მასპინძლობის თვალსაზრისით, რომ აღარაფერი ვთქვათ ათასობით ქართველ სტუმარზე, ტურისტზე, ვინც დღესაც ჩამოდის სვანეთში", - აღნიშნა მესტიაში მერობის კანდიდატის წარდგენაზე ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევით სვანეთის ტურისტული ინფრასტრუქტურა აქტიურად ვითარდება.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, უახლოეს პერიოდში ასევე დაიწყება კონკრეტულად სვანეთისთვის განკუთვნილი ძალიან საინტერესო პროექტები.

„შევიმუშავეთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების 10-წლიანი გეგმა, მათ შორის ტურიზმის განვითარების და უახლოეს პერიოდში სვანეთისთვის გვაქვს განკუთვნილი საინტერესო პროექტები. მაგალითად, ჰაწვალის ახალი საბაგიროს დასრულების შემდეგ იმისთვის, რომ ჰაწვალის ტურისტული კომპლექსი შეიკრას, აუცილებელია განხორციელდეს დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროექტი - რეინჰოლდ მესნერის მუზეუმის მოწყობა, რომელიც შეკრავს ამ ობიექტს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთ დღეში განსახორციელებელი პროექტი, მაგრამ აუცილებლად განხორციელდება", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

რაც შეეხება თეთნულდის კომპლექსს, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მომავალში აუცილებლად განიხილება მულახი-თეთნულდის საბაგირო მშენებლობა.

„მალე დავასრულებთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამაზეც მივიღეთ დავალება, თუმცა ამავდროულად მომავალში აუცილებლად ვიფიქრებთ მულახი-თეთნულდის საბაგიროს განხორციელებაზე. ეს არ არის მცირე პროექტი, საკმაოდ მასშტაბურია, მაგრამ ამასაც განვახორციელებთ, ვსწავლობთ ამის პერსპექტივებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.