„ჰეშკილის ქოხები“ - საოჯახო სასტუმრო მესტიაში, რომელიც ზამთარში ელექტროენერგიის არქონის გამო ვერ ფუნქციონირებს
ჰეშკილი სვანეთის ერთ-ერთი უძველესი სოფელია, რომელიც ზღვის დონიდან 1900 მეტრზემდებარეობს, მესტიიდან 6 კმ-ში სამთო-სათხილამურო კურორტ ჰაწვალის გზაზე. სწორედ ამ ადგილზე ფილფანების მიერ დაფუძნებული საოჯახო ბიზნესი — საოჯახო ტიპის სასტუმრო „ჰეშკილის ქოხებია“ განთავსებული.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი და „ჰეშკილის ქოხების“ მენეჯერი მალალო გელოვანი აცხადებს, ელექტროენერგიის არქონის გამო ზამთრის სეზონზე ქოხები არ ფუნქციონირებს. მისივე თქმით, ეს ახლადდაფუძნებულ ბიზნესზე უარყოფითად აისახება.
მალალო გელოვანი იმედს გამოთქვამს, რომ ეს პრობლემა მომავალ წელს მოგვარდება და მაისში გახსნილი ქოხები ზამთარში სტუმრებს სრულფასოვნად მიიღებენ.
-„ჰეშკილის ქოხები“ განსხვავებული კონცეფციის სივრცეა, რომელიც ზღვის დონიდან 1900მეტრზე მდებარეობს. ქოხების მიმართ ინტერესი დიდია, თუმცა მისი დაფუძნების შესახებ ისტორია ცოტა ადამიანმა იცის. უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველს როდის დაფუძნდა „ჰეშკილის ქოხები“?
-„ჰეშკილის ქოხები“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დავაფუძნეთ. სასტუმრო გამოირჩევა მყუდრო, ოჯახური გარემოთი, რასაც სვანეთის საოცარი ხედებიც ემატება, სწორედ ამ მიზეზებით, ეს ქოხები არა მხოლოდ ქართველების, არამედ ბევრი უცხოელი ტურისტის საყვარელ ადგილად იქცა.
ამ ეტაპზე სულ ექვსი ქოხი გვაქვს. ბიზნესი საკმაოდ სწრაფი ტემპით განვითარდა, რასაც არ ველოდით. 2017 წელს ძალიან ბევრი სტუმარი მივიღეთ. განსაკუთრებული ინტერესი უცხოელების მხრიდან იგრძნობოდა. ერთი კოტეჯი ხეზე გვაქვს, რაც აქ მოსული სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. თავდაპირველად ბიზნესი საკუთარი ფინანსებით და პროექტ „აწარმოე საქართველოში“ 10 000 ლარით დაფინანსებული კაპიტალით წამოვიწყეთ.
ამჟამად „ჰეშკილის ქოხებში“ სულ შვიდი ნომერი და 23 ადგილი, ასევე ერთი დიდი სამზარეულო გვაქვს. რაც შეეხება უფრო დეტალურად სამზარეულოს, ჩვენ ძირითადად ნატურალურ პროდუქციას ვთავაზობთ სტუმრებს. ნომრების ღირებულება კვების გარეშე 25-დან 30-ლარამდე მერყეობს, ხოლო ორჯერადი კვებით 50-დან 55-ლარადმე.
-რატომ ეწოდა სასტუმროს „ჰეშკილის ქოხები“?
-ჩვენი ძირითადი ნიშა არის ის, რომ ქოხები ჰეშკილის მთებში მდებარეობს. სახელწოდებაც რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე შეიქმნა.
-საქართველოში ტურიზმის განვითარებას ბოლო წლებში საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა. როგორც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები აცხადებენ, ისინი მაღალმთიანი კურორტების განვითარებაზე ზრუნავენ. თუმცა მაღალმთიან კურორტებზე კერძო სექტორის წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ მთა კვლავ ბევრი პრობლემის წინაშე დგას...
-დიახ, პრობლემები არსებობს. ამ ეტაპზე ჩვენ ელექტროენერგიის პრობლემა გვაწუხებს. გამგეობის წევრები დაგვპირდნენ, რომ 2018 წლის ზაფხულამდე ეს პრობლემა მოგვარდება. ამჟამად დაპირებულის შესრულებას ველოდებით. ელექტროენერგიის პრობლემა გათბობის პრობლემასაც იწვევს და ამის გამო ზამთრის სეზონზე ჩვენ არ ვფუნქციონირებთ. ეს ამჟამად ჩვენთვის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს. ზაფხულში ელექტროენერგია გენერატორის დახმარებით გვაქვს, თუმცა ეს ხარჯს სერიოზულად ზრდის. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ელექტროენერგიის პრობლემის მოგვარებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ განვითარებადი ბიზნესი ვართ და დიდი ხარჯებისთვის მზად არ ვართ.
ასევე ვიტყოდი იმასაც, რომ სვანეთში რომელიმე მსხვილი მარკეტის ქსელი უნდა შემოვიდეს, რადგან ადგილობრივები პროდუქციაზე ფასს საგრძნობლად ზრდიან. სწორედ ამიტომ, უმჯობესია საფასო პოლიტიკა ფიქსირებული იყოს.
-თუმცა ბანკებთან ურთიერთობა გარკვეულწილად დაგეხმარებოდათ...
-რაც შეეხება ბანკებთან ურთიერთობას, ამის კატეგორიული წინააღმდეგები ვართ, რადგან ბანკებში მაღალი პროცენტია. ამ ეტაპზე გვსურს ყველაფერი ჩვენით შევქმნათ და რაიმე სხვა ფულადი ვალდებულება საკუთარ თავზე აღებას არ ვაპირებთ.
-ბიზნესი ზაფხულის სეზონზე საკმაოდ სწრაფი ტემპებით განვითარდა. როგორია თქვენი მომავალი წლის გეგმები?
-ზაფხულამდე კიდევ ექვსი ქოხის დამატებას ვგეგმავთ. ასევე ვაპირებთ რესტორნის დამატებას, რომელსაც ღია სამზარეულო ექნება და ჩვენ დამსვენებლებს მოემსახურება.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge