“ბოლო 10 დღის განმავლობაში Holiday Inn Tbilisi სრულად დაიტვირთა.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” Holiday Inn Tbilisi-ს გენერალურმა მენეჯერმა ნინო პატარიძემ განაცხადა.
როგორც პატარიძემ აღნიშნა, 2020 წელს სასტუმრო საკარანტინე და კოვიდ სასტუმროდ გადაკეთდა, ხოლო 1-ლი მარტიდან ოპერირება ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა.
“ერთწლიანი სრული პაუზის შემდეგ დიდი სპორტული ჯგუფი მალევე მივიღეთ. ბოლო 10 დღის განმავლობაში ჩვენი სასტუმრო სრულად დატვირთული იყო, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაციაა.
Holiday Inn Tbilisi-მა გასულ წელს ბაზარზე პოზიციები არ დათმო, ჩვენ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნა ვამჯობინეთ, რადგან ეს თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება იყო, ამით თანამშრომლების შენარჩუნება შევძელით. სასტუმრო არცერთი დღით არ დაგვიხურავს.
შეზღუდვების შემსუბუქებამ დადებითი დინამიკა გვაჩვენა და შესაძლებლობა მოგვეცა, სტუმრები გარკვეული რეგულაციების დაცვით მიგვეღო. ამ ეტაპზე რთული გასათვლელია, როდის შევძლებთ, რომ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დავუბრუნდეთ”, - აღნიშნა პატარიძემ.
მისივე თქმით, სტუმარმასპინძლობის სექტორის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას ორი წელი დასჭირდება.
bm.ge