ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჰორეკა სექტორში კადრების 4-5-ჯერადი კლებაა
08 სექტემბერი, 2021

ჰორეკა სექტორი კადრების დეფიციტს განიცდის, რაზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში სფეროს წარმომადგენლები აქტიურად საუბრობენ. თუმცა, უკვე დასაქმების კომპანიებშიც ალაპარაკდნენ პრობლემაზე და განმარტავენ, რომ ცვლილება გამოწვეულია როგორც სეზონური ფაქტორით, ასევე შეზღუდვების გავლენითაც, რის გამოც სექტორმა თანამშრომლების დიდი ნაწილი დაკარგა.

როგორც HR.ge-ს რეგიონული მენეჯერი, ინგა შახბაზიანი ,,კომერსანტთან“ ამბობს, გამოცხადებულ ვაკანსიებზე აპლიკაციების რაოდენობა 4-5-ჯერ არის შემცირებული. მისი თქმით, პრობლემა თითქმის ყველა მიმართულებით იგრძნობა, თუმცა ნეგატიური ტრენდი განსაკუთრებით სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესშია შესამჩნევი.

,,რა ინფორმაციაც კომპანიებისგან გვაქვს დასაქმებასთან დაკავშირებით, არასახარბიელოა. მაგალითისთვის, თუკი ჰორეკა სექტორში დასაქმებაზე შემოდიოდა, პირობითად, 150 CV, ახლა უკვე 30-ზე მეტი არ შემოდის, დაახლოებით 4-5-ჯერადი კლებაა. ცხადია, მასიურად ყველა რესტორანსა და სასტუმროში არ არის ასეთი სიტუაცია, მაგრამ ფაქტია, რომ დარგში გაჩნდა კადრების დეფიციტი. ეს გამოწვეულია იმით, რომ ბევრმა ადამიანმა შეიცვალა პროფესია ან დასაქმდა სხვაგან, სექტორი 1 წელი არ ფუნქციონირებდა და ადამიანებმა თვითონ მონახეს გამოსავალი. ცხადია, უმუშევრად ვერ დარჩებოდნენ, შედეგად კი პრობლემა გაჩნდა. ახლა სექტორს კადრების აყვანა უჭირს. ველოდებით, რომ სექტემბრიდან გამოსწორდება, ამას ალბათ სეზონურობაც ხელს შეუწყობს“, - ამბობს ინგა შახბაზიანი და დასძენს, რომ პრობლემა მეტნაკლები სიმწვავით სხვა სექტორებშიც იგრძნობა.

,,ზაფხულში ყველგან სექტორულად არის კლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საიტის რეიტინგი 10 000-ით არის მომატებული და საკმაოდ გაზრდილია, კომპანიები მუდმივად ჩივიან გამოხმაურების სიმცირეზე. ეს არის ზაფხულის პერიოდისთვის დამახასიათებელი მოვლენა. ყველგან ხდება, მაგრამ გამორჩეულად ჰორეკაში ჩანს, იქ უფრო გამწვავებულია დასაქმებასთან დაკავშირებული ვითარება“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ საუბარში შახბაზიანი.

პრობლემაზე საუბრობს რესტორატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე, რომლის ინფორმაციითაც, კადრების დეფიციტი მასიურად ყველგან შეიმჩნევა.

,,კოვიდ-19-თან დაკავშირებული სიტუაცია რომც გამოვრიცხოთ, სეზონური დასაქმება თბილისში ზაფხულში ყოველთვის ქმნიდა გარკვეულ პრობლემას. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ მეტი ანაზღაურების მიღების მიზნით ადამიანები მიდიოდნენ რეგიონებში სამუშაოდ. ახლა პრობლემა უშუალოდ პანდემიური პროცესების თანმდევია. სექტორში მომუშავე ადამიანების რიცხვი შემცირებულია. დიდი ხნის განმავლობაში დაკეტილმა რესტორნებმა ვერ შეინარჩუნეს კადრები და ისინი ჰორეკა სფეროსთვის მთლიანად დაიკარგნენ, გადავიდნენ სხვა სექტორში ან წავიდნენ უცხოეთში. გაურკვეველი სიტუაციაა, ყველა კადრებს ეძებს“, - ამბობს შოთა ბურჯანაძე.

ცნობილია, რომ ჰორეკა ბიზნესში პრობლემა პანდემიის გავრცელებამ და ტურიზმის სფეროში არსებულმა პრობლემამ განაპირობა, რაც შეზღუდვებითა და ტურისტების კლებით არის გამოწვეული.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, ტურიზმის აღდგენას,  ანუ 2019 წლის დონეზე დაბრუნებას და მის გადასწრებას, რამდენიმე წელი დასჭირდება.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.