ჰოსტელი „გარემო“ - ახალგაზრდა ტყუპი დების ბიზნესი ამბროლაურში - „რაჭა ტურისტულად მოწყობილი არ არის“
2017 წლის მაისში 24 წლის ტყუპმა დებმა – მირანდუხტ და თამარ დავითულიანებმა ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში, ჰოსტელი „გარემო” გახსნეს. პროექტისთვის დებმააწარმოე საქართველოდან 12 500 ლარის დაფინანსება მიიღეს. განვითარების რა პერსპექტივა აქვს ჰოსტელს და რა პრობლემებია რაჭაში ბიზნესის წარმოებისთვის, „კომერსანტი“ „გარემოს” ერთ-ერთ დამფუძნებელს მირანდუხტ დავითულიანს ესაუბრა.

- გვიამბეთ, როდის გაჩნდა ჰოსტელის დაფუძნების იდეა და ამჟამად როგორ მიმდინარეობს მისი განვითარების პროცესი?
- ჩვენ რაჭველები ვართ და ძალიან გვიყვარს ლაშქრობა. რაჭას ბევრი ტურისტი სტუმრობს და მათ ხშირად ვურჩევდით ადგილებს, სადაც უნდა დაბინავებულიყვნენ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თავად შეგვექმნა მათი მიღებისთვის საჭირო გარემო.
ჰოსტელის დაფუძნების იდეა თბილისში სწავლის პერიოდში გაგვიჩნდა, შემდგომ რაჭაში დავბრუნდით და ამ იდეის რეალიზება მოვახდინეთ. ყველაფერი საკუთარი ხელით შევქმენით. გარდა იმ 12 500 ლარისა, რაც ჩვენთვის პროექტმა „აწარმოე საქართველოში“ გამოყო, საკუთარი ხარჯებით ბევრი რამ გავაკეთეთ.
პირველი სტუმრები ქართველები იყვნენ, ამჟამად კი ბევრი უცხოელი მოდის. მაისიდან სექტემბრის ბოლომდე ჰოსტელი 100%-ით დატვირთული იყო. ჩვენმა ბიზნესმა სახელი მცირე დროში გაითქვა და მის განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემები არ გვქონია.
სულ ოთხი ნომერი გვაქვს. აქედან ორი ხუთადგილიანია (თითო ადგილი 20 ლარი), ხოლო ორი ორადგილიანი (თითო ადგილი 25 ლარი).
- ამბობთ, რომ ჰოსტელის განვითარებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეგქმნიათ. თუმცა ბოლო დროს მთის კურორტებზე არსებულ პრობლემებზე როგორც ქართველი, ისე უცხოელი ტურისტები საუბრობენ...
- დიახ, პრობლემები არსებობს და ძირითად პრობლემას მთაში არსებული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. მაგალითად, გასაკეთებელია მთაში ასასვლელი ბილიკები. მისი შექმნა ტურისტებს დანიშნულების ადგილამდე მისვლას გაუმარტივებდა. რაჭაში, ასევე ტურისტების გადაადგილების პრობლემა დგას, რადგან ტრანსპორტი იშვიათად დადის.

- როგორ ფიქრობთ, წელს რაჭა ტურისტების მისაღებად მზად იყო, რადგან როგორც თქვენ თქვით, პრობლემები ბევრია...
- რაჭა ტურისტულად მოწყობილი არ არის, რადგან აქ სხვა პრობლემებთან ერთად გასართობი ადგილებიც არაა. ასევე რაჭის, როგორც მთის კურორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებითაა პრობლემა. ტურისტებმა არ იციან რეალურად აქ რა უნდა ნახონ.
იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენთან სტუმრებს ტური უკვე დაგეგმილი ჰქონდათ, თუმცა რაჭის ნაცვლად ყაზბეგში წასვლა ამჯობინეს. აქ ძალიან ბევრი რამ არის სანახავი. მაგალითად, ხევსურეთს ძალიან ბევრი ტურისტი ჰყავს მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ადგილი იქ მიუდგომელია. ხევსურეთს პოპულარიზაციის თვალსაზრისით პრობლემები არ აქვს. ვთვლი, რომ ამაში სახელმწიფოს დახმარება გვჭირდება.
- თქვენ რაჭაში არსებულ ძალიან ბევრ პრობლემაზე ისაუბრეთ. თუმცა როგორც ვიცი, მიუხედავად ყველაფრისა, ჰოსტელს დიდი სამომავლო გეგმები აქვს. უამბეთ „კომერსანტის“ მკითხველს „გარემოს“ სამომავლო გეგმების შესახებ...
- სამომავლოდ არსებული ჰოსტელის გვერდით კიდევ ერთი კოტეჯის განთავსებას ვგეგმავთ და ის 2018 წლის ზაფხულში უკვე სტუმრების მიღებას შეძლებს. ეს დიდი ტერიტორიაა და შორეულ გეგმაში გვსურს, რომ აქ კომპლექსი თავისი აუზით განთავსდეს. მომავალი წლისთვის სტუმრები ჩვენ მიერ დამზადებული ღვინის დაგემოვნებასაც შეძლებენ და მისი გაყიდვაც მოხდება. ასევე ორ წელში „ბერდიას“ ტბასთან ჩვენი კიდევ ერთი ჰოსტელი გაიხსნება. რაც შეეხება ზამთრის სეზონს, მას ჩვენ შესაბამისად მომზადებულები ვხვდებით, რადგან მოთხოვნა ჩვენ ჰოსტელზე დიდია.


ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge