ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ჰოტელიერი: წლევანდელ ტურისტულ სეზონს გუდაური გაცილებით უფრო მომზადებული ხვდება
30 ნოემბერი, 2023

კერძო სექტორი წელს აქტიურ ზამთრის ტურისტულ სეზონს ელის. როგორც ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, წლევანდელ ტურისტულ სეზონს  გუდაური გაცილებით უფრო მომზადებული ხვდება.

„ქვებისგან უკვე გაწმენდილია სათხილამურო ტრასები. შარშან ამასთან დაკავშირებით გვქონდა ძალიან დიდი პრობლემა. ასევე მოწესრიგებულია წყლის საკითხიც.  იქიდან გამომდინარე, რომ დაემატა მეორე ავზიც.  2024 წლის თებერვალში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება, ხელოვნური გათოვლიანება უფრო აქტიურად დაგვჭირდება, რადგან ჯერჯერობით არაპროგნოზირებადია ამინდი. ეს კი ძალიან დიდ პრობლემას გამოიწვევდა, რადგან  ხელოვნური გათოვლიანების დროს ,ხშირად წყალი აღარ არის  HoReCa სექტორისთვის საკმარისი. ასე რომ,   მეორე ავზის დამატება  წინ გადადგმული ნაბიჯია. ასევე ჩვენი ინფორმაციით, უნდა გაკეთდეს შემოსასვლელში ტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილი და გუდაურში გადაადგილება უნდა მოხდეს შიდა ტრანსპორტით. ეს ძალიან განტვირთავს მოძრაობას. იმედი გვაქვს, რომ ტროტუარების გაწმენდაც აქტიურ ფაზაში გადავა.“-აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ  მთის კურორტამდე მისასვლელი გზებიც დროულად გაიწმინდოს, რადგან საბოლოო ჯამში ეს საკითხიც ზამთრის ტურისტულ სეზონზე უარყოფითად აისახება.

„შარშან გუდაურამდე მოსასვლელი გზა თითქმის ორი დღეც კი იყო ჩაკეტილი. ეს კერძო სექტორს ძალიან მძიმე ტვირთად დააწვა, რადგან ჩვენ დავუბრუნეთ თანხები უკან იმ ადამიანებს, რომლებიც ფორსმაჟორული სიტუაციის გამო ვერ ამოვიდნენ.“-აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

ცნობისთვის, გუდაურში მიმდინარე წლის ზამთრის ტურისტულ სეზონზე დამსვენებლებს ორი ახალი საბაგირო კომპლექსი დახვდებათ. პროექტზე ავსტრიულ-შვეიცარიულმა კომპანიამ იმუშავა. ბიზნესი ელის, რომ ამინდებიდან გამომდინარე, წელს სეზონი 10-15 დეკემბრისთვის გაიხსნება. ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.