ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იაგო ბიტარიშვილი: 10-15 წლის წინ, მაღაზიებში 4-5 მარანი იყო წარმოდგენილი, ახლა -200-300
10 მაისი, 2023

მეღვინე იაგო ბიტარიშვილი ნებისმიერი ბიზნესის შემთხვევაში, რეგულაციების ეფექტზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუნდაც უმნიშვნელო რეგულაცია, ზრდის ბიუროკრატიას,  დროს, ხარჯებს და შესაბამისად, ეს ყველაფერი ბიზნესზე ნეგატიურად აისახება.

„ზოგადად, რეგულაციების ეფექტზე რომ ვისაუბროთ, ბიზნესმა კი არ უნდა ამტკიცოს, ესა თუ ის რეგულაცია რამდენად იმუშავებს, ან ვერ იმუშავებს, თუ ის შემოდის, იმ კონკრეტული დარგის წარმომადგენლებს უნდა აუხსნან რამდენად წააადგება ეს დარგს, თითოეულ მეწარმესა და სახელმწიფოს“, - აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

ცნობილმა მეღვინმემ „ბიზნესპარტნიორთან“ ღვინის სექტორის მაგალითიც მიმოიხილა და განაცხადა, რომ ის  ყოველთვის ნაკლები რეგულაციის მომხრეა.

„ნებისმიერი თავისუფალი ბიზნესი უფრო ვითარდება. ამის თვალსაჩინო მაგალითია მეღვინეობა. თუ გადავხედავთ, მაშინ როდესაც რეგულაციები უფრო მეტი იყო ღვინის სექტორში, იგივე გადასახადები, აქციზის გადასახადი და შევადარებთ ახლანდელ პერიოდს, როდესაც მოიხსნა ბევრი რეგულაცია, უფრო თავისუფალი გახდა ბაზარი - უფრო ჯანსაღი და კონკურენტუნარიანი გარემო მივიღეთ.

ადრე, მაღაზიებში რომ შესულიყავით, 10-15 წლის წინ, მხოლოდ 4-5 მარანი იყო წარმოდგენილი, ახლა შეხვალთ და 200-300 მარნის მიერ წარმოებული პროდუქციაა, უკვე ბაზარი არეგულირებს ამას,  უკვე ხარისხზე თვითონ დაიწყეს ზრუნვა, ეს მოიტანა ამ თაისუფალმა ბაზარმა. ამიტომ, მე პირადად მომხრე ვარ დარჩეს რაც შეიძლება თავისუფალ ბაზარი“, - განმარტა მეღვინე იაგო ბიტარიშვილმა.

მისივე თქმით, თავისუფალმა ბაზარმა თვალსაჩინოდ აჩვენა, როდის უფრო განვითარდა მეღვინეობის დარგი, როდის უფრო მეტი შემოსავალი მოიტანა ქვეყნის ეკონომიკაში,  როდის უფრო გაიზარდა ხარისხი, როდის უფრო გაიზარდა ექსპორტი.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილს ვენახი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ.  "იაგოს მარანი" წელიწადში, დაახლოებით, 7000-8000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ღვინო ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში მზადდება. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.