ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იანვრიდან ბიზნესის ნაწილს თანამშრომელთა ტესტირება საკუთარი ხარჯებით მოუწევს
04 იანვარი, 2022

მთავრობის დადგენილებით,  1-ლი იანვრიდან გარკვეული ბიზნეს სუბიექტების თანამშრომელთა გატესტვას სახელმწიფო აღარ დააფინანსებს და აღნიშნული ხარჯის საკუთარ თავზე აღება ბიზნესს მოუწევს.

საუბარია, ამ ტიპის იმ ობიექტებზე, სადაც 30-ზე მეტი დასაქმებულია. მათთვის სავალდებულო იყო, რომ ყოველ 14 დღეში ერთხელ 20% ანტიგენის სწრაფი ტესტით ან პსრ მეთოდით ყოფილიყო გატესტილი.

თავის მხრივ, ბიზნესი აცხადებს, რომ ამ ხარჯის გაწევას რეალურად ვერ შეძლებს და შექმნილ სიტუაციაში თავად დამსაქმებლებს დაავალდებულებს, რომ საკუთარი ტესტირების სსაფასური თვითონ გადაიხადონ.

გარდა ამისა, როგორც კომპანია ,,კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი ,,კომერსანტთან“ ამბობს, ოპტიმალური გზაა, რომ მოქალაქეები აიცრან, ხოლო ბიზნესმა კოვიდ19-თან თანაცხოვრება ისწავლოს.

,,პანდემიური მდგომარეობა ჯერ კიდევ მძიმეა, ამიტომ სანამ ზომებს გაამკაცრებენ, სჯობს, არსებულ  რეგულაციებს  მეტი მონიტორინგი გაეწიოს, რაც გაცილებით მეტ შედეგს მოიტანს. დღეს ჩვენ არ გვაქვს სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ  ვისწავლოთ რეგულაციების დაცვა და ვირუსთან თანაცხოვრება. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, მდგომარეობა გაცილებით უკეთაა, ვიდრე 2020 წელს იყო, შედარებაც არ შეიძლება. ბიზნესს გარკვეული გამოცდილება დაუგროვდა, რაც უკეთ მართვაში გვეხმარება. ამასთან, მნიშვნელოვანია ვაქცინაციის ტემპი დაჩქარდეს. პროცესი ნებაყოფლობითია, ამიტომ ბევრი რამ მოქალაქეებზეა დამოკიდებული. ის გარემოება, რომ მთავრობა არ აპირებს კომპანიებს თანამშრომლების ტესტირების ხარჯის დაფარვას,  ნორმალური გადაწყვეტილებაა. დამსაქმებლებსაც მეტი პასუხისმგებლობა ექნება. კომპანიებისთვის რთული იქნება ამ ხარჯის გაწევა, ამიტომ ისევ დამსაქმებლებს მოუწევთ ამ საფასურის გადაახდა, რაც კიდევ ერთი პირობაა იმისთის, რომ მოქალაქეები აიცრან“, - აცხადებს უჩუმბეგაშვილი ,,კომერსანტთან“.

ზურაბ უჩუმბეგაშვილის ინფორმაციით, კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე ადამიანი, ხოლო საშუალო ხელფასის მოცულობა 1300 ლარს შეადგენს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.