ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იაპონელი მეღვინეები ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიით ინტერესდებიან
10 აგვისტო, 2018

საქართველოს ვიზიტით იაპონელი მეღვინეები ესტუმრნენ, რომლებიც ქართულ ღვინოსა და ღვინის კულტურას კახეთსა და ქართლში გაეცნენ.

იაპონელი მეღვინეების განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენდა ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგიის ადგილზე გაცნობა. თავის მხრივ, მათ ქართველი მეღვინეები მიიწვიეს იაპონიაში, სადაც ასევე რამდენიმე იაპონელი მეღვინე ღვინოს საქართველოდან გაგზავნილ ქვევრში აყენებს. სტუმრები ასვე დაინტერესდნენ იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშის „კოშუს“, ქართულ წარმომავლობასთან დაკავშირებით მიმდინარე კვლევებით. კერძოდ, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის კვლევა“ ფარგლებში, საფრანგეთის მონპელიეს სოფლის მეურნეობის კვლევითი ცენტრის (INRA Montpellier) ლაბორატორიაში გაგზავნილია „კოშუს“ რქა დნმ-ის ანალიზისთვის, რათა მოხდეს მისი წარმომავლობის მეცნიერული შესწავლა და დადასტურება. საქართველოში იაპონელი მეღვინეებისა და ჟურნალისტის ტური ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ჩართულობით განხორციელდა.

ჯგუფის შემადგენლობაში იყო იაპონიის მთავარი გამოცემა „Mainichi Shimbun“-ის ჟურნალისტი ნიშიკავა მეგუმი, რომელიც ქართული ღვინის კულტურის შესახებ სტატიას ამზადებს.

იაპონელი მეღვინეები ეწვივნენ ღვინის საწარმოებსა და მარნებს და ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ისე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ღვინოები. ასევე, მექვევრე ზაზა კბილაშვილთან გაეცნენ ქვევრის დამზადების ტექნოლოგიასა და პროცესს.

სტუმრები ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, სადაც წარმოდგენილია ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასთან დაკავშირებული ექსპონატები და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით-ცენტრს ჯიღაურაში, სადაც ქართული ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებას გაეცნენ.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.