ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ICAO: საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველია
30 აგვისტო, 2018

ICAO-ს აუდიტის ოფიციალური დასკვნის მიხედვით, საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით საქართველო რეგიონში პირველ ადგილზეა.

როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განმარტავენ, სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) შეისწავლა სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს შემოწმების შედეგები და აუდიტორების მიერ ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებები.

ICAO-ს კოორდინირებული ვალიდაციის აუდიტის საბოლოო დასკვნით, მაჩვენებლები მარტში დაფიქსირებულ წინასწარ შედეგებზე მაღალია და შემოწმებული კომპონეტების მიხედვით ასე გამოიყურება:


• სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სააერნაოსნო მომსახურებაზე ზედამხედველობის (ANS) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელმა 96.51%-ი შეადგინა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 63.94%-ს შეადგენს;
• სააგენტოს მიერ აეროდრომების/აეროპორტების და მიწისზედა საშუალებების ზედამხედველობის მაჩვენებელი 92.36%-ს გაუტოლდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 59.81%-ს შეადგენს;
• ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდირებული პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაცია საავიაციო კანონმდებლობის ნაწილში (LEG) გახდა – 95.24%. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი ამ მიმართულებით 72.05%-ს შეადგენს;
• ორგანიზაციულ ნაწილი (ORG), რომელიც საავიაციო ხელისუფლების ორგანიზაციულ-სტრუქტურულ, ფინანსურ და ადამიანურ შესაძლებლობებს სწავლობს 91.67%-მდე გაუმჯობესდა. მსოფლიო საშუალო მაჩვენებელი ამ კომპონენტში 69.05%-ია;
• სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის ბიუროს მიერ საავიაციო შემთხვევებისა და ინციდენტების მოკვლევის (AIG) ეფექტური იმპლემენტაციის მაჩვენებელი – 91.09% გახდა. მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი აღნიშნულ კომპონენტში 55.81%-ია.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრის მოადგილის გიორგი ჩერქეზიშვილის თქმით, აუდიტის შედეგებმა კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ქვეყნას სამოქალაქო ავიაციის დარგში სწორი გეზი აქვს აღებული. „აღნიშნულმა შედეგებმა დაადასტურა, რომ ჩვენ შეგვწევს უნარი გავუმკლავდეთ და ვმართოთ სამოქალაქო ავიაციის დარგში ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევები საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის გზით, რაც შეუქცევადი პროცესია. ჩვენს რეგიონში ვართ პირველები, ხოლო ევროპაში მეათე ადგილზე. ეს არის იმ ძალიან დიდი შრომის შედეგი. ეს გახლავთ ძალიან პოზიტიური დასკვნა. საქართველოში მზარდად ვითარდება ავიაციის მიმართულება. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც რეგიონალური ჰაბის ჩამოყალიბებას“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

www.travelingeorgia.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.