ყვარელში ილიას ტბასთან 72 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა სექტემბერში დაიწყება. 2018 წელს პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ფარგლებში ილიას ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 962 კვ.მ უძრავი ქონება სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 152 000 ლარად კომპანიას „ღვინის გზა 2017“ მიჰყიდა.
სასტუმროს პროექტი დასრულებულია და მიმდიანრეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან განხილვისა და ნებართვის მოპოვების პროცესი. როგორც კომპანია „ღვინის გზა 2017“-ის დამფუძნებელი ომარ ხატიაშვილი “კომერსანტთან“ აცხადებს, პროექტი ორი ნაწილისგან შედგება, ტერიტორიაზე იქნება როგორც სასტუმრო, ასევე ფერდობის ქვედა მხარეს ღვინის ქარხანაც გაშენდება.
„პროექტი პრაქტიკულად დასრულებულია და ცოტა ხანში დამტკიცდება. როგორც კი მოგვეცემა საშუალება დავიწყებბთ მუშაობას, ეს მაქსიმუმ სექტემბერში მოხდება.
ეს იქნება განსხვავებული ყველა სასტუმროსგან, გარკვეული სიძველის ნიშნებით, მაგრამ ამასთანავე თანამედროვე სასტუმრო. აქ იქნება ღია საცურაო აუზი, რომელიც მთის ქიმზე გადმოდის. აქვე , ხედად ალაზნის ველი იშლება. ქვედა სართული დათმობილი აქვს ტრენაჟორისთვის, მასაჟისთვის და საუნითვის განკუთვნილ ოთახებს.
ღია რესტორანი 400 ადამიანზე იქნება გათვლილი, ასევე სასტუმროს შენობაში იქნება საკონკფერენციო ოთახი და სივრცეები ბრენდული მაღაზიებისთვის. სასტუმრო 4 სართულზე განთავსდება და მასში სულ 72 ოთახი იქნება.
აქ მხოლოდ სასტუმრო არ იქნება, მის ქვედა მხარეს კეთდება ღვინის ქარხანა, რომელშიც ღვინის წარმოება 3 მილიონ ბოთლზე იქნება გათვლილი. ბრენდისა და ლოგოს შესახებ კონსულტაციებს გავდივართ და მალე გავაჟღერებთ, თუ რა ერქმევა აქ წარმოებულ ღვინოს. პირველ რიგში, რა თქმა უნდა ქინძმარაულის ზონაა და სწორედ ამ სახეობას ვაწარმოებთ.“ – ამბობს ომარ ხატიაშვილი.
ეროვნული სააგენტოსგან შეძენილ 3 ჰექტარის ფართობის მიწასთან ერთად, კომპანიამ მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისთის დამატებით ნახევარი ჰქტარი მიწა შეიძინა, რომლის გაფართოებასაც კიდევ აპირებს. ამისთვის კი იჯარის სახით მიწის აღებას გეგმავს. დამატებით შეძენლ ტერიტორიებზე იგეგმება გამწვანება , ველო და საფეხმავლო ბილიკების მოწყობა .
ტერიტორია, ილიას ტბის ხედის გარდა ითვალისწინებს სასტუმროდან მთლიან ალაზნის ველის გადმოსახედსაც, სივრცის წინა მხარეს კი დურუჯი ჩამოედინება. პროექტის ავტორებმა ამ ყველაფრის გათვალისწინებით აქცენტი აივნებსა და ღია სივრცეების ხელმისაწვდომობაზე გააკეთეს.
პროექტის მთლიანი საინვესტიციო მოცულობა ჯამში 7 მილიონ დოლარს შეადგენს. პროექტ „50 ქონება შენი სასტუმროსათვის“ ვალდებულების მიხედვით ინვესტორს სასტუმროს მოსაწყობად სულ მცირე 5 000 000 ლარის ინვესტიცია უნდა განეხორიციელებინა და სულ მცირე 40 ადამიანი დაესაქმებინა
Commersant.ge