ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
იმოგზაურე ჯერ კიდევ უცნობ გურჯაანში
23 ივნისი, 2022

გურჯაანის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების სიმრავლე, მის მდიდარ ისტორიაზე მეტყველებს. გურჯაანში მოგზაურობისას, ყოველი ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ საუკუნოვანი ტაძრები თუ ციხე-სიმაგრეების ნანგრევები. 

აქვე შეიძლება მოინახულოთ ველისციხის ლეგენდარული მარანი ,,ველისციხური“, ზიარისა და ლაკბის ულამაზესი ტბები, თუმცა როგორც ჩვენი მეგზური, გიორგი დვალაშვილი გვიხსნის, გურჯაანი ბუნებრივი ღირსშესანიშნაობებით არ გამოირჩევა, ამ კუთხის სავიზიტო ბარათი, სწორედ ისტორიული ძეგლებია. აქ უბრალო გასეირნებაც კი წარსულ დროებაში გაბრუნებს და ყოველ ჯერზე, შენთვის ჯერ კიდევ უცნობ საქართველოს აღმოაჩენ...

გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფიის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი:

 გურჯაანის რეგიონი მართლაც გამორჩეულად საინტერესოა  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებით. სოფლები ძირითად ალაზნის ვაკეზე და ივრის ზეგანზეა განლაგებული. მუნიციპალიტეტში 30 სოფელია და ყველა სოფელში გვხვდება რამდენიმე ისტორიული ძეგლი. დასახლებული პუნქტები ძირითადად ცენტრალური მაგისტრალის მახლობლად მდებარეობს, შედარებით შორი მანძილის გავლა, გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე მდებარე სოფელ ჭერემში მოსახვედრადაა საჭირო. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მდებარე მაღალმთიანი სოფელი გურჯაანიდან 28 კილომეტრით, ცენტრალური მაგისტრალიდან კი 18 კილომეტრითაა მოშორებული...

ისტორიული სოფელი ჭერემი

წერილობითი წყაროები ჭერმის წარმოშობას, ვახტანგ გორგასლის სახელს უკავშირებენ. ისტორიული წყაროების ცნობით: ჭერემი იყო ქალაქი, სადაც აღაშენა მეფე ვახტანგ გორგასალმა ეკლესია დიდშენი და ქალაქი მყარი და დასუა ეპისკოპოზი, მწყემსი შიგნით კახეთისა“.     

დიდი ქალაქი ყოფილა ჭერემი. ძველი ქრონიკები გვამცნობენ, დადებული საეკლესიო და საერო ნაგებობა-საყდრები, ციხე-დარბაზები, საცხოვრებელი პალატები ამშვენებდა. სწორედ ამ ხეობაში გაუმართა ვახტანგ გორგასალმა გადამწყვეტი ბრძოლა ირანელებს. მეფეს გარღვეულმა ჯაჭვის პერანგმა უმუხთლა და სასიკვდილოდ დაიჭრა. სიკვდილის წინ ჭერემი თავის მემკვიდრეს, დაჩის უბოძა... ვიცით, რომ ამავე პერიოდიდან დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო კათედრაც და ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა...სოფლის ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი მე-5 საუკუნის დროინდელი ისტორიული ძეგლები- ეკლესია-მონასტრები და ციხე-სიმაგრეები. დღემდეა შემორჩენილი ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევებიც, რომელიც 1984 წლის არქეოლოგიური ექსპედიციის დროს აღმოაჩინეს...

სოფელი ბუნების უნიკალური პეიზაჟებითაც გამორჩეული და მიმზიდველია, ეს ყველაფერი კი მის სავიზიტო ბარათად შეიძლება იქცეს და ტურიზმის განვითარების უდიდეს პერსპექტივას იძლევა.

ველისციხე დაველისციხური

სწორედ ჭერემის გადასახვევთან  მდებარეობს ისტორიულად ძირძველი სოფელი ველისციხე, სოფელში განსაკუთრებით შთამბეჭდავი ველისციხის მარანი ,,ველისციხურია“. ეს არის უზარმაზარი მიწისქვეშა სისტემა, მიწისქვეშა ლაბირინთებითა და უამრავი ისტორიული არტეფაქტით,

რომელიც ერთ-ერთმა ადგილობრივმა მამაპაპისეული მარნის რესტავრაციის დროს აღმოაჩინა. როგორც ჩანს, სწორედ აქ აფარებდნენ თავს ომიანობისა და მტრის შემოსევების დროს. ამ უნიკალურ კომპლექსში, არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანია თავად მარანიც, რომელსაც მეპატრონემ საკმაოდ ორიგინალური სახელი- „ველისციხური“ შეურჩია და უკვე რამდენიმე თვეა საკმაოდ წარმატებულად მუშაობს, რადგან ძალიან მაღალი ხარისხის ღვინომასალებს აწარმოებენ.

ველისციხე ალაზნის ვაკეზე, მდინარე ჭერმისხევის ნაპირას, ზღვის დონიდან 380 მ მდებარეობს. გურჯაანიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი ისტორიულ წყაროებში V საუკუნის მეორე ნახევრიდან მოიხსენიება. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სოფელი ჯერ კიდევ წინაქრისტიანულ პერიოდში საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული ყოფილა.

სოფლის სახელწოდების წარმოშობაზე საინტერესო ლეგენდაც არსებობს: ყვარლიდან გადმოსულ მონადირეებს  ველზე აშენებული ციხე უნახავთ. ამ ადგილის სილამაზითა და სიმდიდრით იმდენად მოხიბლულან, საცხოვრებლად აურჩევიათ. ველზე გაშენებული ციხის მახლობლად დასახლებულ ხალხსაც, სოფლისთვის ველისციხე უწოდებია.

ისტორიული სოფელი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებითაც. ველისციხეში შეიძლება მოვინახულოთ მე-6-მე-19 საუკუნეების არქიტექტურული კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა პერიოდში აგებულ ტაძრებს და ისტორიულ ნაგებობებს აერთიანებს.

ბაკურციხე

არანაკლებ საინტერესოა ზღვის დონიდან 440 მეტრზე მდებარე სოფელი ბაკურციხე. სოფელი შესახებ პირველი ცნობა „ქართლის ცხოვრებაში“ გვხვდება, თუმცა არქეოლოგიური გათხრებისას მიკვლეული არტეფაქტები მოწმობს, რომ ამ ტერიტორიაზე მოსახლეობა უძველესი დროიდან სახლობდა. სოფელში დღემდე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია შემორჩენილი გვიან შუა საუკუნეების ბაკურციხის სახელით ცნობილი ციხე-კოშკი, რომლის აგებაც მეფე ბაკურის სახელს უკავშირდება. (გადმოცემის თანახმად, ბაკურციხე საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ვეჯინის ციხესიმაგრეს). სწორედ ამ ციხის გავლენით უწოდეს სოფელსაც - ბაკურციხე. 1874 წლის მარტის ნომერში გაზეთი ივერია წერს: „ ბაკურციხე ისტორიულად შესანიშნავი სოფელია. ქართლის ცხოვრებაში სოფელი ბაკურციხე ქალაქად იხსენიება. ახლაც არის ისტორიული ნაშთები-ციხენი მეფე ბაკურის აშენებული. აქედან მიუღია ამ სოფელს თავისი სახელი _ ბაკურის ციხე ანუ ბაკურ-ციხე, თუმცა მეფე ბაკურის დროს დიდ წარმატებაში ყოფილა. ივერია", 1894 წ. #70“

ბაკურციხე გამორჩეულია ისტორიული ძეგლებითაც; ბაკურციხიდან გახლდათ ქართველი წმინდანი, მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე. რამდენიმე წლის წინ სოფელში წმინდანის სახელობის სახლ-მუზეუმიც გაიხსნა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ უცხოელი და ადგილობრივი სტუმრები და წმინდანის ცხოვრებით დაინტერესებული მკვლევრები, განსაკუთრებით ხშირი სტუმრები პოლონელები არიან.

სოფლის სამხრეთით კი დგას ცნობილი ქართველი მოღვაწის, მეწარმისა და მეცენატის- დავით სარაჯიშვილის სახლი და მარანი. ბაკურციხეს ტრანზიტულადაც კარგი მდებარეობა აქვს. ეს ყველაფერი კი სოფელში ტურიზმის განვითარების საუკეთესო პირობას ქმნის.

გურჯაანის მუნიციპალიტეტი თბილისიდან საკმაოდ ახლო მანძილზე მდებარეობს და მოგზაურობის მოყვარულთათვის იქ არსებული საკმაოდ საინტერესო ტურისტული ობიექტებისა და უნიკალური ადგილების მონახულება პრობლემასაც არ წარმოადგენს. ორ დღეზეც კი შეიძლება გადაანაწილო და ყველაფერი მოინახულო. მუნიციპალიტეტში არსებული თითოეული სოფელი თავის ისტორიით და ღირსშესანიშნავი ადგილებითაა მიმზიდველი და აუცილებლად მოსანახულებელია.

კალაური, სოფელი რომელიც მეფე კვირიკე მესამის საფლავს საიდუმლოდ ინახავდა

კალაური ძველთაგანვე უმნიშვნელოვანესი დასახლებული პუნქტი იყო, ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ სოფელი კალაური, რაც თურქულად ყალაციხეს ნიშნავს, საუკუნეების წინ მთლიანად ციხე-გალავნით ყოფილა გარშემორტყმული, სოფლის ცენტრალურ უბანს კი „გალავნის უბანი“ ერქვა და ერთ-ერთი ვერსიით სოფლის სახელწოდებაც აქედან მომდინარეობს, თუმცა სოფლის სახელის წარმოშობის შესახებ ზუსტი ცნობა არ მოგვეპოვება.

კალაური განსაკუთრებით გამოირჩევა ისტორიული და რელიგიური სიძველეების სიმრავლით, სოფელსა და მის შემოგარენში თითქმის ყოველი ფეხის ნაბიჯზე წააწყდებით უძველეს ეკლესია მონასტერს თუ ისტორიული ნაგებობების ნაშთებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იოანე ნათლისმცემლის სამონასტრო კომპლექსი, სადაც ორიოდე წლის წინ, სამეცნიერო კვლევისას უნიკალური აღმოჩენა გაკეთდა _ მეფე კვირიკე მესამის საფლავს მიაკვლიეს. გაჩნდა მოსაზრება, რომ თითქოს საფლავი მეფეს არ ეკუთვნოდა, მაგრამ როდესაც ჩვენ ვნახეთ და შევაფასეთ ეს ადგილი, შემიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ საფლავი ნამდვილად კახეთის მეფე კვირიკე მესამეს ეკუთვნის, რასაც საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერაც მეტყველებს. სამონასტრო კომპლექსში შედის სამეკლესიიანი ბაზილიკა, სასახლის ფრაგმენტები, სატრაპეზო, გალავანი და სხვა... სოფლის ტერიტორიასა და მის შემოგარენში, რომელიც მთლიანად ტყეშია ჩაფლული, დაახლოებით ორმოცამდე ისტორიულ ძეგლს შეხვდებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი სამების სახელობის უძველეს ტაძარს, რომელიც უნიკალური პანორამებით გამოირჩევა.

სოფლის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა, მისი უნიკალური ხედები და პეიზაჟებია. სოფლის გარეშემო გადაშლილი ტყის საფარი, მოლაშქრეებისთვისა საკმაოდ საინტერესო ადგილია.

ავტორი: შორენა მერკვილაძე


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.