ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
წელს საქართველო ვიზიტორებს ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან უნდა ელოდოს
05 ივლისი, 2021

საქართველოში ტურიზმის მიმართულებით აშკარად სასიკეთო ძვრები შეინიშნება. ქვეყანაში ვიზიტორების ნაკადი უკვე შეიმჩნევა, რითაც სტუმარმასპინძლობის სექტორს აღდგენის სულ უფრო მეტი შანსი უჩნდება. საკმაოდ დადებითი მოლოდინია ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, როგორ მთავრობაში, ისე დარგის სპეციალისტებშიც.

2021 წლის მაისში საქართველომ ტურიზმიდან 73.8 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიის დაწყების შემდგომ რეკორდული მაჩვენებელია. გასულ თვეს ქვეყანაში სულ 104 700 ვიზიტორი იმყოფებოდა. ტურისტების ეს ნაკადი წინა წელთან შედარებით 180%-ით მეტია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ მაისის განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 52 688  ვიზიტორი - საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ ავიამიმოსვლას უკავშირდება. პირველი ივნისიდან საქართველომ სახმელეთო საზღვრებიც გახსნა, რაც ვიზიტორთა ნაკადს კიდევ უფრო მეტად გაზრდის.

როგორც რესტორანთა ასოცოაციის დამუძნებელმა კოტე გაბრიჩიძემ აღნიშნა, დარგში  ცოტათი უკეთესობა ნამდვილად შეიმჩნევა, მაგრამ ქვეყანა ტურისტების ნაკლებობას მაინც განიცდის, ადგილობრივი მოსახლეობა კი გაღარიბებულია.

„ცოტათი უკეთესობაა, მაგრამ სიტუაციის თუ გამოსწორების ნიშნულად 2019 წელს ავიღებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, მესამედიც კი არ არის აღდგენილი. რესტორნებში დიდი დატვირთვით მუშაობა ვერ გაგრძელდება. უამრავი კვების ობიექტი დახურულია, განუდგირებულია, გაკროტებულია და მუშაობა ვეღარც გაანახლეს.

ტურისტების რაოდენობა ძალიან ბევრიც არ არის, ხოლო ადგილობრივი მოსახლოება საკმაოდ გაღარიბებულია. მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაბალია და ჯამში, ამ ყველაფერიდან გამომდინარე, არ შეიძლება, რაღაც პოზიტივის იმედი გვქონდეს“, - განაცხადა გაბრიჩიძემ.

ქვეყანაში ხელისშემშლელი ფაქტორები ახლა მოხსნილია, ამიტომ, სპეცილისტებში მოლოდინი დიდია, თუმცა არა 2019 წელთან შედარებით, არამედ პანდემიურ 2020-თან მიმართებით.

ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, დადებითი განწყობა აქვს ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ, მაია სიდამონიძეს, რომლია აზრითაც, მართალია ქვეყანამ მწვანე ზონის სტატუსი დაკარგა, თუმცა ტურისტებისთვის მაინც მიმზიდველად რჩება.

„ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინი მაქვს, რადგან საზღვრები გახსნილია და ტურისტული ნაკადი გაიზარდა. ეს, რა თქმა უნდა, მკვეთრად ჩამორჩება წინა წლების მაჩვენებელს, მაგრამ კერძო სექტორზე უკვე აისახება. სასტუმროები დატვირთულობის კოეფიციენტი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს შარშან იყო. თუმცაღა, არსებობს რისკები, რაც, ეპიდმდგომარეობას უკავშირდება.

საბოლოო ჯამში, საქართველოს არ დაუკარგავს თავის მიმზიდველობა. იგივე შეთავაზებები გვაქვს ახლაც, რაც ტურისტებს ადრეც მოსწონდათ და აინტერესებდათ. მწვანე ზონაში არ ვართ, ამიტომ შემდგომი თვეების განმავლობაში ტურისტული ნაკადების ზრდა უფრო მოსალოდნელია მეზობელი ქვეყნებიდან, რომელთაც სხვაგან წასვლის ალტერნატივა დიდად არც აქვთ. თუ გვინდა, რომ დასავლეთის ქვეყნებიდანაც უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უფრო მეტი სამუშაო უნდა გავწიოთ“, - განაცხდა მაია სიდამონიძემ.

ახლა მაქსიმალური ყურადღება ზაფხულის სეზონისკენაა მიმართული, რისთვისაც მზადაა ავიაციაც. სწორედ ამ სამ თვეზე მყარდება დიდი იმედი. დაგეგმილი რეისების რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს, რაც ბუნებრივია, ტურიზმზე აისახება.

resonancedaily.com


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.