ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ინდოელი, არაბი და იაპონელი ტურისტები – გუდაურში ზაფხულის სეზონის გახსნამდე სასტუმროების დიდი ნაწილი უკვე დაჯავშნილია
12 ივლისი, 2017

ზაფხულის სეზონის დასაწყისში გუდაურში ტურისტების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობენ. მთის კურორტების განვითარების კომპანია გუდაურში დატვირთულ ზაფხულის სეზონს პროგნოზირებს. კომპანიის ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი აცხადებს, რომ სეზონი 16 ივლისს იხსნება.

მისივე თქმით, იზრდება ინტერესი იმ ტურისტული კომპანიების მხრიდან, ვისაც ქვეყანაში უცხოელი ტურისტები შემოჰყავს.

"მესამე წელია ზაფხულის სეზონს ვხსნით და ამან გაამართლა, შესაბამისად უფრო და უფრო მეტ ტურისტს მოვიზიდავთ", - აცხადებს ონოფრიშვილი და აღნიშნავს, რომ გასული წელი რეკორდული წელი იყო მთის კურორტებისთვის, სადაც 400,000 ტურისტს უმასპინძლეს, ზრდა 37% იყო. "წელს უფრო გაუმჯობესებულ მაჩვენებლებს ველოდებით", - აცხადებს ონოფრიშვილი.

„შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ია თაბაგარი აცხადებს, რომ ქვეყანაში ყაზბეგის მიმართულებაზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა იმის გამო, რომ ყაზბეგში არ არის საკმარისი ტურისტული ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით სასტუმროები,  გუდაური სწორედ ამიტომ გახდა ძალიან აქტუალური. მისივე განცხადებით, გუდაურის დიდ სასტუმროებში კონკურენციამ განაპირობა ფასების კლება, რაც ყაზბეგის შემთხვევაში არ მოხდა.

როგორც თაბაგარი აცხადებს, ძირითადად მუშაობენ უფრო ბრენდული, დიდი სასტუმროები, რომლებმაც როგორც ტუროპერატორებს, ისე ინდივიდუალურ ტურისტებს განსაკუთრებული ფასები შესთავზეს. სტუმრები ძირითადად არიან ისრაელიდან, ინდოეთიდან და გაერთიანებული საემიროებიდან.

„ბუნებრივია, ახლო აღმოსავლეთისთვის, სადაც არ არის საჭირო ვიზა და არის პირდაპირი ფრენა, საქართველოა მისაღებია.  მათთვის აქ ჩამოსვლა უმარტივესია"-აცხადებს თაბაგარი.

„შემომყვან ტუროპერატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი გუდაურში და ყაზბეგში არსებულ პრობლემაზეც საუბრობს. თაბაგარის განცხადებით, ჩამოსული ტურისტებისთვის საჩვენებელი ბევრი ადგილი არ არსებობს. „გერგეთის სამებაზე ძალიან ხშირად საცობებია. გარდა ამისა, თითქმის ყველგან ჰესების მშენებლობაა დაწყებული, რაც სამომავლოდ ეკოტურიზმს გაანადგურებს.  ეს ნამდვილად პრობლემაა"-აცხადებს თაბაგარი.

„კომერსანტმა" ზაფხულის საკურორტო სეზონის დასწყისის შეფასება კერძო სექტორსაც სთხოვა. 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო „მარკო პოლოში" აცხადებენ, რომ ამ დროისთვის ნომრების უმეტესი ნაწილი დაჯავშნილია.სასტუმროს ადმინისტრაციაში აცხადებენ,რომ გასულ წელთან შედარებით ჯავშნების რაოდენობა გაზრდილია. ტურისტების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ სტუმები იაპონიიდან და ისრაელიდან.

რაც შეეხება ფასებს, ის წელს გასული წლის ანალოგიური პერიოდის იდენტურია. ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 ადგილიანი სტანდარტული ნომრის ფასი 125 დოლარიდან იწყება.

გუდაურში მდებარე საოჯახო სასტუმრო "შელეს" ხელმძღვანელი მარინა რამინაშვილი აცხადებს, რომ წელს გუდაურში უპრეცენდენტოდ დიდი რაოდენობის ტურისტებია. მისი ინფორმაციით, დამსვენებლების უდიდეს ნაწილს ინდოელები და არაბები წარმოადგენენ.

როგორც რამინაშვილი აცხადებს, საკურორტო სეზონი ოფიციალურად 16 ივლისს იწყება და იმედოვნებს, რომ ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს.

სასტუმრო „გუდ ინნის" ხელმძღვანელი გიორგი ბოკუჩავა აცხადებს,რომ ამ დროისთვის სასტუმროს ნომრების ნაწილი უკვე დაჯავშნილია, თუმცა გააქტიურებას სეზონის დაწყების შემდეგ, რამდენიმე დღეში ელოდება. როგორც ბოკუჩავა აცხადებს, გუდაურს ძირითადად აზიის ქვეყნებიდან დამსვენებლები სტუმრობენ. მათ შორის არიან, არაბები და ინდოელები. მისი განცხადებით, დამსვენებლები საქართველოს და მათ შორის გუდაურს, როგორც უსაფრთხო ადგილს ისე უყურებენ.

„როგორც არაბი ტურისტებისგან ვიცი, მათი ქვეყნის მთავრობამ მათ საქართველოში მოგზაურობის რეკომენდაცია მისცა. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გააქტიურებულ მარკეტინგულ კამპანიას ეწევა, რაც ტურისტებით დაინტერესების საშუალებას იძლევა"-აცხადებს ბოკუჩავა.

გუდაურში, ხის კონტეინერებისგან დამზადებული სასტუმრო Quadrum-ის მენეჯერი დავით ხმიადაშვილი აცხადებს, რომ სასტუმროს 60 პროცენტი უკვე დაკავებულია. სტუმრების ძირითად ნაწილს წარმოადგენენ ტურისტები აზიის ქვეყნებიდან. „არიან სტუმრები ისარაელიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდან. რუსეთიდანაც, თუმცა, მცირე რაოდენობით"-აცხადებს ხმიადაშვილი.

ავტორ(ებ)ი: სოფო ქსოვრელი

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.