ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
„თუ 5 წლის წინ ახალ წელს ქართველები ძირითადად სახლში ხვდებოდნენ, უკვე გაჩნდა მოთხოვნა საზღვარგარეთ საახალწლო ტურებზე“
10 ნოემბერი, 2023

საშობაო ტურების დაგეგმვა და ტურებზე ჯავშნების მიღება უკვე დაწყებულია. „კომერსანტი“ დაინტერესდა თუ რომელი მიმართულებებია საშობაო პერიოდში ყველაზე მოთხოვნადი და დაახლოებით რა ღირს მოგზაურობა ამ დროს.

როგორც ჩვენთან საუბარში ტურისტული კომპანია Travelholics-ის დირექტორმა და ტუროპერატორმა მარი გიორგაძემ განმარტა, საშობაო ტურები ძირითადად ნოემბრის ბოლოდან დეკემბრის 25 რიცხვამდე ტარდება.

„ნოემბრის ბოლოდან უკვე იწყება ევროპის ქალაქების მორთვა, შესაბამისად, საშობაო ტურებიც ამ დროიდან იწყება და დაახლოებით 25 დეკემბრამდე არის სასურველი მათი დაგეგმვა. დეკემბრის ბოლო რიცხვებში და იანვრის დასაწყისში ევროპელები ისვენებენ, ყველაფერი დაკეტილია და საექსკურსიო სიტუაცია არ არის“, - განმარტა მარი გიორგაძემ.

მისი თქმით, ყველაზე დიდი მოთხოვნა ჩეხეთსა და ავსტრიაზეა.

„წელს ყველაზე მოთხოვნად მიმართულებებად კვლავ რჩება პრაღა, ვენა, ბრატისლავა და ასევე საშობაოდ ძალიან ლამაზია ხოლმე პოლონეთი, თუმცა რატომღაც დიდი მოთხოვნა ამ მიმართულებაზე არ არის და მოთხოვნის თვალსაზრისით ევროპის ქვეყნებში ჩეხეთი და ავსტრია ლიდერობს. ამ ორ ქვეყანაში დაგეგმილი ტურები უკვე გამოქვეყნებულია და დაწყებული გვაქვს ჯავშნების მიღება. 

სტანდარტულად, თვენახევარი-ორი თვით ადრე ვიწყებთ ხოლმე ჯავშნების მიღებას. მათთვის, ვინც ადრეულ ჯავშანს აკეთებს, მოგეხსენებათ, ტურის ღირებულება გაცილებით ნაკლებია. ჩვენი საშობაო ტურები სტანდარტულად 4-დღიანია. იქიდან გამომდინარე, რომ მე აქცენტს ვაკეთებ ბიუჯეტურ მოგზაურობაზე, ტურის ღირებულება 1300 ლარიდან იწყება. რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ტურის თარიღამდე, თანხა, რა თქმა უნდა, იზრდება, ბილეთების ფასებიდან გამომდინარე, ამიტომ ზოგად ზედა ზღვარს ვერ ვასახელებთ“, - აღნიშნა მარი გიორგაძემ. 

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე წელია გაჩნდა მოთხოვნა ახალი წლის დღეებში ტურების ჩატარებაზე, რის გამოც დეკემბრის ბოლოს და იანვრის დასაწყისში დაიგეგმება საახალწლო მოგზაურობებიც.

„რაც შეეხება საახალწლო დღეებს, 31 დეკემბერს და 1-ელ და 2 იანვარს, თუ ჯერ კიდევ 5 წლის წინ, ყველას სურდა რომ ახალ წელს, ტრადიციულად, სახლში შეხვედროდა, ახლა უკვე გაჩნდა მოთხოვნა, რომ ამ რიცხვებში დავგეგმოთ მოგზაურობა, ამიტომ დავიწყეთ ამაზე მუშაობა და წელს უკვე დავგეგმავთ საახალწლო ტურებსაც ევროპის მიმართულებით“, - აღნიშნა მარი გიორგაძემ. 

როგორც მან აღნიშნა, „შავ პარასკევთან“ დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად ნოემბრის ბოლოს ცხადდება, კომპანიას აქვს საკმაოდ კარგი ფასდაკლებები, რომლითაც მომხმარებლები აქტიურად სარგებლობენ.

„შავ პარასკევთან“ დაკავშირებით რა თქმა უნდა გვაქვს ხოლმე საშობაო ტურებზე ფასდაკლებები. გასულ წელს ჩვენი ფასდაკლებები შეეხო როგორც შიდა, ისე საზღვარგარეთის ტურებს და ბევრმა მომხმარებელმა ისარგებლა ამ შეთავაზებებით. შესაბამისად, წელსაც გვექნება ფასდაკლებები“, - განაცხადა მარი გიორგაძემ.

coomersant.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.